საქართველოს უზენაესი სასამართლო

დოლიძე: გამწესებაზე მსჯელობა კულუარული გარიგებების მოთხოვნით არასწორია

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური

საქართველოს პრეზიდენტის მიერ პარლამენტში წარდგენილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებმა, ანა დოლიძემ, თამარ ლალიაშვილმა და ნონა თოდუამ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განცხადება გააკეთეს.

დოლიძემ თავის განცხადებაში გუშინ პარლამენტის წევრების მიერ გაკეთებული განცხადებები გააკრიტიკა. მისი თქმით, ამ განცხადებებმა მოსამართლეთა გამწესების პროცესი არასწორი მიმართულებით წაიყვანა. დოლიძის თქმით, მოსამართლეთა გამწესებაზე მსჯელობა კულუარული გარიგებების მოთხოვნით მოსამართლის მაღალ სტატუსსა და სამართლიანი სასამართლოს იდეას შეურაცხყოფას აყენებს.

"რამდენიმე თვეა საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს, ჩვენი, როგორც უზენაესი სასამარლოს კანდიდატების განხილვის პროცედურები. გუშინ, პარლამენტის წევრების მხრიდან გაკეთებულმა განცხადებებმა მოსამართლეთა გამწესების პროცესი არასწორი მიმართულებით წაიყვანა. არასწორია, როდესაც მოსამართლეთა გამწესებაზე მსჯელობა მიმდინარეობს არა კვალიფიკაციასა თუ სხვა საყოველთაოდ აღიარებული კრიტერიუმების მიხედვით, არამედ კულუარული გარიგებების მოთხოვნით.

საკითხის ამგვარად დაყენება შეურაცხყოფას აყენებს მოსამართლის მაღალ სტატუსს და სამართლიანი სასამართლოს იდეას. კულუარული გარიგებები ვერ გადაწყვეტს სასამართლოს წინაშე მდგარ გამოწვევებს, საზოგადოება სამარლიანი მართმსაჯულების მოლოდინშია. იმედოვნებთ, რომ ქართველი ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი გადაწყვეტილებას მიიღებს მხოლოდ თითოეული კანდიდატის ცოდნის, განათლების, კვალიფიკაციის და დამოუკიდებლობის ხარისხის გათვალისწინებით", -  განაცხადა დოლიძემ.

 

კომენტარები