ტურიზმი

თბილისში 130-ნომრიანი სასტუმრო MOXY-ს მშენებლობა დაიწყო

forbes.com

თბილისში, ზაარბრუკენის მოედანზე სასტუმრო MOXY-ს მშენებლობა დაიწყო, სასტუმრო პირველ სტუმრებს 2017 წელს მიიღებს. 130-ნომრიან სასტუმროს კომპანია GMT $25-მილიონიანი ინვესტიციის შედეგად აშენებს და ის Mariott-ის ერთ-ერთი ბრენდია. GMT თბილისის ცენტრში უკვე ფლობს ორ მაღალი კლასის სასტუმროს - Tbilisi Mariott-სა და Courtyard Mariott-ს, კომპანიის მფლობელობაშია ასევე მთაწმინდაზე მდებარე რესტორანი ფუნიკულიორი. ახალი სასტუმრო კი უფრო მეტად საშუალო და დაბალბიუჯეტიან დამსვენებლებზე იქნება გათვლილი.

GMT სასტუმროს ამერიკის სამთავრობო ფინანსური სააგენტოს, OPIC-ის $25-მილიონიანი კრედიტის შედეგად აშენებს. სააგენტო მსოფლიოს 160-ზე მეტი ქვეყნის კერძო სექტორში დებს ინვესტიციებს. ახალი სასტუმროს მშენებლობის დაწყებას საქართველოს პრემიერმინისტრი დაესწრო, გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ახალი სასტუმრო თბილისის ტურისტულ მიმზიდველობას გაზრდის.

"მოხარული ვარ, რომ ამ ულამაზეს ადგილზე აშენდება ახალი სასტუმრო. ეს არის GMT ჯგუფის ინიციატივა, რომ აშენდეს Mariott-ის ბრენდის ახალი ქვებრენდის, MOXY-ის სასტუმრო, რომელიც გათვლილი იქნება საშუალო და დაბალბიუჯეტიან სეგმენტზე, რაც კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გახდის მას ტურისტებისთვის. სასტუმროს მშენებლობა კიდევ უფრო მეტ მომხიბვლელობას შესძენს ამ რაიონს, გააჩენს ახალ სამუშაო ადგილებს და, რა თქმა უნდა, მეტ შემოსავალს მოუტანს ჩვენს თანამოქალაქეებს. GMT ჯგუფი ამ ინვესტიციას ახორციელებს აშშ-ის უცხოეთის კერძო ინვესტიციების კორპორაციასთან, OPIC-თან ერთად. OPIC-ის მონაწილეობა კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობას უცხოელი ინვესტორებისთვის. ჩვენ გვაქვს ძალიან დადებითი ტენდენცია ტურისტების და ვიზიტორების რიცხვის ზრდის კუთხით. ვფიქრობ, რომ საქართველო ერთ-ერთი მიმზიდველი ტურისტული მიმართულების ქვეყანაა და კიდევ უფრო გაიზრდება ინტერესი საქართველოსადმი", - ამბობს გიორგი კვირიკაშვილი.

კომენტარები