ფარული მოსმენები

საკონსტიტუციომ მოსმენების შესახებ კანონმდებლობა არაკონსტიტუციურად ცნო

საკონსტიტუციო სასამართლომ მოსმენების შესახებ კანონმდებლობა არაკონსტიტუციურად ცნო. სასამართლომ მიიჩნია, რომ მართალია, აღნიშნული ნორმები ემსახურება ლეგიტიმურ მიზნებს, მაგრამ არ წარმოადგენს ამ მიზნების მიღწევის ნაკლებად მზღუდავ, პროპორციულ საშუალებას და ქმნის პირად ცხოვრებაში ჩარევის მომეტებულ საფრთხეს. სასამართლომ დაასკვნა, რომ ამ გადაწყვეტილების სათანადოდ აღსრულება როგორც ფუნდამენტურ საკანონმდებლო ცვილებებს, ისე ახალი კანონმდებლობის შესაბამისად შემოღებული სისტემის ინსტიტუციურ და ტექნიკურ უზრუნველყოფას მოითხოვს. ამიტომაც სასამართლო ვადად 2017 წლის 31 მარტამდე პერიოდს აწესებს.

"კონსტიტუციური სარჩელებით სადავოდ იყო გამხდარი საკანონმდებლო ნორმები, რომლებიც ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებაზე უფლებამოსილ ორგანოს (სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს) ანიჭებდა უფლებამოსილებას, ჰქონოდა კავშირგაბმულობის და კომუნიკაციის ფიზიკური ხაზებიდან ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვების და ამ მიზნით სათანადო აპარატურის და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების განთავსების შესაძლებლობა. ამავე დროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აღჭურვილი იყო უფლებამოსილებით, განეხორციელებინა კავშირგაბმულობის არხში არსებული მაიდენტიფიცირებელი მონაცემების კოპირება და მათი 2 წლის ვადით შენახვა.

საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმები, მართალია, ემსახურება ლეგიტიმურ მიზნებს, მაგრამ არ წარმოადგენს ამ მიზნების მიღწევის ნაკლებად მზღუდავ, პროპორციულ საშუალებას. სადავო ნორმები შესაძლებლობას აძლევს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, მოიპოვოს პირადი ხასიათის ინფორმაცია განუსაზღვრელ პირთა წრის შესახებ. მართალია, არსებობს პრეზუმფცია, რომ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანო ბოროტად არ ისარგებლებს ამ ტექნიკური საშუალებებით, თუმცა, რეალურ დროში პირადი ხასიათის ინფორმაციის მოპოვების ტექნიკური შესაძლებლობის (მათ შორის პროგრამული უზრუნველყოფის) ფლობა, ადმინისტრირება და ამ საშუალებების გამოყენებით პირადი ხასიათის ინფორმაციაზე პირდაპირი წვდომის შესაძლებლობა, ასევე მაიდენტიფიცირებელი მონაცემების (მეტადატის) კოპირება და შენახვა ისეთი უწყების მიერ, რომელსაც მინიჭებული აქვს გამოძიების ფუნქცია ან არის პროფესიულად დაინტერესებული ამ ინფორმაციის გაცნობით, ქმნის პირად ცხოვრებაში ჩარევის მომეტებულ საფრთხეს", - წერია საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში.

საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი კონსტიტუციური სარჩელებით საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ სახალხო დამცველმა, საქართველოს მოქალაქეებმა გიორგი ბურჯანაძემ, ლიკა საჯაიამ, გიორგი გოცირიძემ, თათია ქინქლაძემ, გიორგი ჩიტიძემ, ლაშა ტუღუშმა, ზვიად ქორიძემ, ფონდმა ღია საზოგადოება საქართველომ, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ და ადამიანის უფლებათა ცენტრმა მიმართეს.

კომენტარები