საქართველოს პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს ორ ვაკანტურ თანამდებობაზე თამარ ლალიაშვილისა და ნონა თოდუას კანდიდატები წარადგინა.
„მე დღეს წარვადგინე ორი ახალი მოსამართლე, ქალბატონი თამარ ლალიაშვილი და ქალბატონი ნონა თოდუა. ქალბატონი ანა დოლიძე უკვე წარდგენილი მყავს დაახლოებით რამდენიმე კვირის წინ. მინდა მოგახსენოთ, რომ ეს სამივე ქალბატონი თავისი გამორჩეული ბიოგრაფიით, თავისი პროფესიონალიზმით და ამავე დროს თავისი პრინციპულობით, იქნებიან ადამიანები, რომლებიც სწორედაც საქართველოს სახელით გამოიტანენ განაჩენებს. არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის, არა რომელიმე ჯგუფის, არა რომელიმე პოლიტიკოსის, არამედ საქართველოს სახელით შეძლებენ, რომ გამოიტანონ განაჩენები და უკეთესი მართლმსაჯულება მისცენ ქვეყანას", -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
თამარ ლალიაშვილის განცხადებით, მოსამართლეობა უდიდესი პასუხისმგებლობაა თითოეული ადამიანის წინაშე. მისი თქმით, „როდესაც ხდები მოსამართლე, უნდა ემსახურო და დაემორჩილო მხოლოდ კონსტიტუციას, სამართლიან კანონს და არა სხვა რაიმეს ან ვინმეს. ეს არის ბრძოლა დამოუკიდებელი სასამართლოსათვის".
თამარ ლალიაშვილს 2001- 2006 წლებში საქრთველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებოდა ეკავა, 2000-2001 წლებში ის იყო საოლქო სასამართლოს მოსამართლე, 1999-2000 წლებში კრწანისის მთაწმინდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, 1993-1999 წლებში კი თამარ ლალიაშვილი საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორის თანამდებობას იკავებდა. თამარ ლალიაშვილი 2006 წელს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭოს დისციპლინარულმა კომისიამ საპროცესო ნორმების დარღვევის საფუძველზე გაათავისუფლა. თავად ლალიაშვილის მტკიცებით, მას უზენაესი სასამართლოს მაშინდელი მოსამართლე კოტე კუბლაშვილი დევნიდა. ლალიაშვილის თქმით, "უზენაეს სასამართლოში რამდენიმე მოსამართლე ვიყავით, ვინც მის დაკვეთებს არ ვასრულებდით. როცა კუბლაშვილის დაკვეთას ვამბობ, ეს თავისთავად პროკურატურის დაკვეთას ნიშნავს, რადგან კუბლაშვილი და მისი მონა მოსამართლეები პროკურატურის ნების უსიტყვო აღმსრულებლები იყვნენ".
რაც შეეხება ნონა თოდუას, ის ლექციებს კითხულობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახ. უნივერსიტეტში, კავკასიის უნივერსიტეტში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. 2014 წლის იანვრიდან დღემდე არის თსუ-ის პროფესორი.
გიორგი მარგველაშვილი წარდგენილ კანდიდატებს დღეს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და უზენაეს სასამართლოში პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კიდევ ერთი კანდიდატი ანა დოლიძე.





