იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს დღეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რას აკეთებს საქართველოს მთავრობა იმისთვის, რომ რუსეთმა სტრასბურგის სასამართლოს მიერ დეპორტაციის საქმეზე დაკისრებული სანქცია შეასრულოს. როგორც ცნობილია, სტრასბურგის სასამართლომ ზიანის სანაცვლოდ რუსეთს საქართველოსთვის კომპენსაციის გადახდა დააკისრა, რაც 70 320 000 ევროთი განისაზღვრა. აღსანიშნავია, რომ ევროსაბჭოში დღეს მსჯელობენ, რამდენად ასრულებს რუსეთი სასამართლოს გადაწყვეტილებას.
"ჩვენ, როგორც მთავრობა, ვაქტიურობთ, ვაქტიურობდით და ვიაქტიურებთ იმისთვის, რომ ყოველ ჯერზე აღინიშნოს რუსეთის ოკუპანტის როლი ჩვენს ტერიტორიაზე. ჩვენ მიგვყავს რამდენიმე დავა სტრასბურგში, ერთი დავა წარმატებით დასრულდა, კიდევ ორზე პროცედურები მიმდინარეობს და არის ჰააგის პროცესი. რაც შეეხება ევროსაბჭოში მისაღებ რეზოლუციებს, ჩვენ გვყავს ევროსაბჭოში ელჩი, რომელიც ძალისხმევას არ იშურებს და კიდევ უფრო არ უნდა დაიშუროს ძალისხმევა იმისთვის, რომ მან, როგორც ელჩმა, ყველაფერი გააკეთოს ადგილზე, რომ სტრასბურგში მიღებული რეზოლუციები შეესაბამებოდეს საქართველოში არსებულ რეალობას", - თქვა წულუკიანმა.
2006 წლის 27 სექტემბრიდან საქართველოში ჯაშუშობის ბრალდებით რამდენიმე რუსი ოფიცრის დაკავების შემდეგ, რუსეთის ხელისუფლებამ საქართველოს მოქალაქეთა მასობრივი დეპორტაციის კამპანია დაიწყო. 2006 წლის ბოლოს რუსეთიდან 4 500-მდე ქართველი გამოაძევეს. დეპორტირებულთა ნაწილი რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს სატვირთო თვითმფრინავით გამოუშვეს, ნაწილი თვითონ დაბრუნდა.





