მამუკა ახვლედიანის გადაყენება

ახვლედიანი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის დანიშვნის შეჩერებას ითხოვს

თბილისის საქალაქო სასამართლო

საქალაქო სასამართლოს თანამდებობიდან მოხსნილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი სასამართლოსგან განჩინების გამოტანას ითხოვს. ახვლედიანი ამბობს, რომ მანამ, სანამ მისი თანამდებობიდან გადაყენების კანონიერების შესახებ სასამართლო განხილვები არ დასრულდება, საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტი უნდა დარჩეს ვაკანტური. ახვლედიანი ფიქრობს, რომ, თუ იუსტიციის საბჭო დანიშნავს ახალ თავმჯდომარეს, სამართლებრივ დავას აზრი აღარ ექნება.

"შევიტანეთ უზრუნველყოფა დროებითი განჩინების გამოტანაზე, რომ შეჩერდეს დანიშვნის პროცესი. პარასკევს აპირებენ დანიშვნას და იქამდე ეს განჩინება აუცილებლად უნდა გამოიტანონ. თუ დაინიშნა ახალი თავმჯდომარე, ისიც იქნება გარკვეული ვადით არჩეული და, შესაბამისად, ჩემი სარჩელის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ვეღარ მოხერხდება ჩემი აღდგენა ამ თანამდებობაზე. აზრს კარგავს სამართლებრივი დავა. კარგადაა დასაბუთებული ჩვენი განცხადება და ველი პასუხს სასამართლოსგან" - თქვა მამუკა ახვლედიანმა.

სასამართლოს გადაწყვეტილების მისაღებად სამდღიანი ვადა აქვს.

ცნობისათვის, 22 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი თანამდებობიდან გადააყენეს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ კი მოგვიანებით თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად გიორგი მიქაუტაძე წარადგინა.

კომენტარები