კრიმინალი

ავტოსახელოსნოს დარაჯის მკვლელობისთვის ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცველებმა 1986 წელს დაბადებული ლაშა კ. და 1974 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მინდია მ. მკვლელობისთვის დააკავეს. შსს-ს ცნობით, 28 თებერვალს, ღამით, თბილისში, ჩაჩავას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ავტოსახელოსნოში, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფ ბრალდებულებს სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოუვიდათ ამავე სახელოსნოს დარაჯთან - 1947 წელს დაბადებულ ზვიად ყ-თან, რომელსაც სახის არეში მრავლობით დაზიანება მიაყენეს.

"ზვიად ყ. მიყენებული მძიმე დაზიანებებისგან შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ბრალდებულები მიიმალნენ. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ლაშა კ. და მინდია მ. მომხდარიდან რამდენიმე საათში თბილისში დააკავეს", - აცხადებს შსს და აღნიშნავს, რომ გამოძიება მიმდინარეობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია (საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით).

კომენტარები