კიბო

Johnson & Johnson-ს კიბოს გამომწვევი პროდუქტის დამზადებაში ადანაშაულებენ

Reuters

მისურის შტატის სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა კომპანიას Johnson & Johnson $72 მილიონი დოლარის გადახდა იმ ქალის ოჯახისთვის დააკისრეს, რომელიც საკვერცხის კიბოთი გარდაიცვალა. ჯეკი ფოქსის ოჯახი დაავადებას Johnson & Johnson-ის ტალკზე დამზადებული საბავშვო პუდრისა და Shower to Shower-ის გამოყენებას უკავშირებს.

Johnson & Johnson-ის წინააღმდეგ მისურის შტატში 1000-მდე, ხოლო ნიუ ჯერსიში 200-მდე სარჩელია შეტანილი. მოსარჩელეების განცხადებით, კომპანია არ აფრთხილებს საკუთარ მომხმარებელს იმის შესახებ, რომ ტალკზე დამზადებულმა პროდუქტმა შესაძლოა, კიბო გამოიწვიოს. ჯეკი ფოქსის ოჯახის სარჩელი პირველია, რომელიც სასამართლომ დააკმაყოფილა.

"ჩვენ არ გვაქვს იმაზე მეტი პასუხისმგებლობა, ვიდრე ჩვენი მომხმარებლების ჯანმრთელობა და უსაფრთხოებაა. იმედგაცრუებული ვართ სასამართლოს გადაწყვეტილებით. თანავუგრძნობთ გარდაცვლილის ოჯახს, მაგრამ დარწმუნებული ვართ, რომ კოსმეტიკური ტალკის უვნებლობა დადასტურებულია ათწლეულების განმავლობაში მიღებული მეცნიერული მტკიცებულებებით", - თქვა Johnson & Johnson-ის წარმომადგენელმა.

კომენტარები