ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 6 მარტს, გაზპრომთან მოლაპარაკებებს გააპროტესტებს. ენმ-ის წარმომადგენლების თქმით, ცოცხალ ჯაჭვს კანცელარიიდან რუსეთის საელჩომდე შეკრავენ. დეპუტატმა სერგო რატიანმა აღნიშნა, რომ ეს იქნება მშვიდობიანი აქცია.
"ჩვენ დავიწყებთ მუშაობას, შეხვედრებს საზოგადოებასთან, რათა რაც შეიძლება, მეტი ადამიანი მოვიდეს საქართველოს და თითოეული ჩვენი ოჯახის ინტერესების დასაცავად. საქართველოს მთავრობამ უნდა იცოდეს, რომ მთავრობას და რუსულ ინტერესებს შორის დგას ხალხი და ის არ დაუშვებს, გადაგვაბიჯონ თითოეულ ჩვენგანს", - თქვა რატიანმა.
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით კი, საქართველო არასდროს დაბრუნდება რუსულ წყვდიადში, რისი მცდელობაც, დეპუტატის თქმით, საქართველოს მთავრობას აქვს.
"ჩვენ გვახსოვს, რას ნიშნავს გაზპრომი, რუსული წყვდიადი, გაყინული და ჩაბნელებული საქართველო, ჩვენ გვახსოვს ქუჩებში გაჭიმული "კანისტრების" რიგები, როდესაც ადამიანები ცდილობდნენ ამ გზით გაეთბოთ ოჯახები, გვახსოვს ეზოებში ანთებული ცეცხლი და მასზე ადუღებული ჩაიდნის წყლით მომზადებული ჩაი ან სუპი ბავშვებისთვის, ჩვენ გვახსოვს რუსული წყვდიადი და წლების წინ, ამ რუსულ წყვდიადს დავაღწიეთ თავი. დღეს არსებობს ყველა საფუძველი, ვივარაუდოთ, რომ ხელისუფლება აპირებს ქვეყნის დაბრუნებას უკან, რუსულ წყვდიადში. ამიტომ, საზოგადოების იმ წევრებთან ერთად, ვისაც არ სურს უკან დაბრუნება, ქვეყნის გაზპრომის ეპოქაში შეტრიალება, სიბნელე, სიცივე და ნავთის რიგები, ვაანონსებთ სიმბოლურ საპროტესტო აქციას. მისი ამოცანა იქნება, გავაგონოთ ჩვენი ხმა საქართველოს ხელისუფლებას და მტკიცედ ვაგრძნობინოთ რუსეთის ხელისუფლებას, რომ გაზპრომის და რუსეთის წყვდიადის ეპოქა დასრულებულია და ქართული საზოგადოება ამ წყვდიადის დაბრუნებას აღარ დაუშვებს", - განაცხადა ბაქრაძემ.
ენერგეტიკის სამინისტრო Gazprom-თან მოლაპარაკებებს 25 სექტემბრიდან აწარმოებს, მას შემდეგ კახა კალაძესა და Gazprom-ის ხელმძღვანელობას შორის შეხვედრა ოთხჯერ გაიმართა. 2015 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული, Socar Georgia-ს ხელმძღვანელი მაჰირ მამედოვი ამბობდა, რომ სხვა მხარეებთან მოლაპარაკებების საფუძველი არ არსებობდა, რადგანაც აზერბაიჯანს საქართველოს კონკურენტუნარიანი ფასის ბუნებრივი აირით მომარაგება შეუზღუდავად შეეძლო.
კახა კალაძე კი, Gazprom-თან მოლაპარაკებების პირველივე ეტაპიდან აცხადებდა, რომ თუკი საქართველო მეტ რუსულ გაზს შეიძენდა, ეს ძალიან კარგი იქნებოდა. მესამე შეხვედრის შემდეგ კი, მან თქვა, რომ Gazprom-ი კონტრაქტში ცვლილებებს ითხოვს. მინისტრის განმარტებით, Gazrom-ი ქართულ მხარეს ფულად ანაზღაურებაზე გადასვლას სთავაზობს. კალაძის თქმით, Gazprom-ი ყოველ ათას კუბურ მეტრ ბუნებრივ აირში, რომელსაც რუსეთი სომხეთს საქართველოს გავლით მიაწვდის, კონკრეტულ თანხას გადაიხდის. მინისტრის მტკიცებით, რუსულ მხარესთან მოლაპარაკებები თანხის მოცულობაზე მიმდინარეობს.
ამასთან, რამდენიმე დღის წინ, კახა კალაძემ დაადასტურა მოლაპარაკებათა არსებობა სოკართან და შაჰ-დენიზის საერთაშორისო კონსორციუმთან. ვიცეპრემიერი ამბობს, რომ ამ მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, საქართველო რუსულ და ირანულ ბუნებრივ აირს აღარ შეიძენს.





