თბილისის საქალაქო სასამართლო

ახვლედიანი: აბსურდულ ბრალდებაზე პასუხის გაცემის საშუალებაც არ მომცეს

თბილისის საქალაქო სასამართლო

მამუკა ახვლედიანის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თანამდებობიდან აბსოლუტურად აბსურდული ბრალდებით გადააყენა. თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ ტაბულასთან საუბარში აღნიშნა, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მას პასუხის გაცემის საშუალებაც არ მისცა. ახვლედიანის თქმით, ის სამედიცინო ბიულეტენზე იმყოფება და დღევანდელ სხდომას ვერ დაესწრო.

"ადამიანის მეტი დევნა რა უნდა იყოს. პასუხის გაცემის საშუალება არ მომცეს. ჯერჯერობით, ვიმყოფები ბიულეტენზე, საერთოდ არ გამოვსულვარ გარეთ, ექიმმა არ მომცა საშუალება და მითხრა, რომ არ შეიძლება გამოსვლა. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ აბსოლუტურად აბსურდული ბრალდებით პასუხის გაცემის საშუალებაც არ მომცა. პარასკევს, საღამოს ათ საათზე მეილით გამომიგზავნეს წერილი, 5-6 ფურცელი და ორშაბათს, ათ საათზე, მიბარებდნენ. მივწერე, რომ ვერ მივიდოდი და დრო მჭირდებოდა წერილობითი პასუხის წარსადგენადაც. არც ელოდებოდნენ წერილობით პასუხს, ეს გადაწყვეტილება დიდი ხნით ადრე ჰქონდათ მიღებული", - თქვა ახვლედიანმა. 

მისივე ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობიდან გადაყენება 3 თებერვალს დაწყებულ დისციპლინარულ წარმოებას არ ეხება.

"სხვა თემაა, აბსოლუტურად ახალი რაღაც გამოიტანეს სხდომაზე, რაღაც ბრძანებებთან დაკავშირებით, ჯერ ბოლომდე გაცნობაც ვერ მოვახერხე, პასუხზე საუბარიც ზედმეტია. პირდაპირ ადგნენ და ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს", - აღნიშნა ახვლედიანმა ტაბულასთან საუბარში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი თანამდებობიდან ცოტა ხნის წინ გადააყენეს. ინფორმაცია ტაბულას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურმა დაუდასტურა და აღნიშნა, რომ სხდომა კიდევ მიმდინარეობს.

"დეტალურ განცხადებას სხდომის შემდეგ გავავრცელებთ", - აღნიშნა მარიამ ხოფერიამ ტაბულასთან საუბარში.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის მიერ ჩადენილ "შესაძლო დარღვევას" დილიდან განიხილავს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი შოთა გეწაძე მამუკა ახვლედიანს საბჭოს კომპეტენციაში ჩარევას ედავება. სწორედ მან დააყენა საბჭოს დღის წესრიგში საკითხი, რომელიც "მოწმეთა დაკითხვის წესის ასამოქმედებლად თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმეთა კატეგორიების მიხედვით მოსამართლეთა შემადგენლობის განსაზღვრისას აღმოჩენილ შესაძლო დარღვევებს" ეხება.

"აქ საუბარია შესაძლო დარღვევებზე. როგორც ჩანს, საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ გადაწყვიტა ისეთი საკითხები, რომელთა გადაწყვეტაც შედიოდა და შედის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კომპეტენციაში. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთი უფლებამოსილებაა მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაცია. მე მაგალითის სახით ვამბობ ამას და ეს ვიწრო სპეციალიზაციები, როგორც ჩანს, გადაწყვიტა თავად სასამართლოს თავმჯდომარემ", - განაცხადა გეწაძემ.

"სპეციალიზაციას ახორციელებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ეს კანონით განსაზღვრული რამ არის და ჩვენ სწორედ ამ ჭრილში განვიხილავთ ამ საკითხს, შესაბამისად, შეფასებას მივცემთ. გადაწყვეტილება მიღებული იქნება. აქ შესაძლოა, გამოვლინდეს გარკვეული დისციპლინური სამართალდარღვევაც, არც ეს არის გამორიცხული", - აღნიშნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ვახტანგ თორდიამ.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და მამუკა ახვლედიანს შორის დაძაბული ურთიერთობა რამდენიმე თვეა, არსებობს. ახვლედიანის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და იუსტიციის უმაღლესი საბჭო საკუთარ მოვალეობას თავს ვერ ართმევენ. გარდა ამისა, სწორედ ახვლედიანმა გაავრცელა ინფორმაცია მოსამართლეთა საკვალიფიკაციო ტესტების სავარაუდო გაჟონვის შესახებ.

ამასთან, 3 თებერვალს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თბილისის საქალაქო თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის მიმართ დისციპლინური დევნა დაიწყო. თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე ეთიკის ნორმების დარღვევასა და სასამართლოს ავტორიტეტის შებღალვაში დაადანაშაულეს. 

კომენტარები