გიორგი კვირიკაშვილი

გიორგი კვირიკაშვილი ახალი პოლიტიკური ცენტრის, გირჩის წევრებს შეხვდება

facebook.com/KvirikashviliOfficial

საქართველოს პრემიერმინისტრი მომავალ კვირაში ახალი პოლიტიკური ცენტრის, გირჩის წევრებს შეხვდება. მისი თქმით, ეკონომიკის მინისტრობის დროს ჰქონია შეხვედრები და დისკუსიები ზურაბ ჯაფარიძესთან და რაღაცებში თანხმდებიან, რაღაცებს კი შეიძლება მეტი დრო სჭირდებოდეს, „ვიდრე ზურას ჰგონია და წარმოუდგენია“. ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ისაუბრა.

„მქონდა არასაპარლამენტო ოპოზიციასთან შეხვედრა, მომავალ კვირაში ვაპირებ ერთ-ერთ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელ პარტიასთან შეხვედრას. ეს არის გირჩი, რომლებმაც გამოთქვეს ინიციატივა და მე სიამოვნებით შევხვდები მათ. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ბევრ რამეში ვერ შევთანხმდეთ, არის ისეთი იდეები, რომლებზეც შეიძლება ვითანამშრომლოთ და ერთობლივად გავაკეთოთ რაღაცეები. მე მგონია, რომ ეს კარგი იქნება. ჩვენ არ უნდა მოვერიდოთ იმასაც, რომ თუ რაიმე დაანონსდა ვინმეს მიერ, დავბლოკოთ იდეა მარტო იმიტომ, რომ ეს არ არის ჩვენ მიერ დაანონსებული. პირიქით, არ უდავუკარგოთ არავის არაფერი. სხვათაშორის, უნდა ვთქვა, რომ ზურა ჯაფარიძესთან მქონია დისკუსიებიც, შეხვედრებიც, ჯერ კიდევ ეკონომიკის მინისტრობის პერიოდში. რაღაცეებში ვთანხმდებით, რაღაცეებს შეიძლება ცოტა მეტი დრო სჭირდებოდეს, ვიდრე ზურას ჰგონია და წარმოუდგენია, მაგრამ ჩვენ გვქონდა ურთიერთპატივისცემა და დიალოგი. ხედვებში შეიძლება იყოს განსხვავება, რაღაცებში გვაქვს თანხვედრაც. ყოველ შემთხვევაში ჩემთვის იმ ადამიანებთან დიალოგი, რომლებიც ცივილიზებულ ფორმებს ირჩევენ, არის სასიამოვნო და პოლემიკა ყოველთვის სასარგებლოა, თუნდაც არ სრულდებოდეს ერთობლივი რაიმე გადაწყვეტილებით“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ყველა ოპოზიციურმა ძალამ ვერ აღიქვა ახალი პოლიტიკური რეალობა და აგრძელებს შეურაცხმყოფელი ლექსიკის გამოყენებას, მაგრამ მთავრობის პოლიტიკა იქნება მშვიდობისმყოფელი ყველა პოლიტიკური მოთამაშის მიმართ.

„სამწუხაროდ, ყველა ოპოზიციურმა ძალამ ვერ აღიქვა ახალი რეალობა და მათ ცოტა უხერხული სიტუაციაც შეექმნათ. ბევრი მათგანი აგრძელებს ისევ შეურაცხმყოფელი ლექსიკის გამოყენებას და კონფრონტაციულ რეჟიმში რჩებიან. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს შეიცვლება ალბათ. ჩვენ უნდა ვიყოთ თანმიმდევრულები. მთავრობის მხრიდან იქნება ძალიან თანმიმდევრული, მშვიდობისმყოფელი პოლიტიკა ყველა პოლიტიკური მოთამაშის მიმართ, რანაირადაც არ უნდა იქცეოდნენ ისინი. ჩვენ უნდა დავდგეთ ამ გრძნობებზე და ემოციებზე მაღლა, იმიტომ რომ ჩვენ მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს“ - განაცხადა კვირიკაშვილმა.

კომენტარები