საქართველოს ეროვნული ბანკი

კობა გვენეტაძის კანდიდატურას დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა მხარი დაუჭირა

კობა გვენეტაძე
პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტის მიერ პარლამენტში წარდგენილ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატს, კობა გვენეტაძეს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა მხარი დაუჭირა. კობა გვენეტაძემ კომიტეტს ეროვნული ბანკის საქმიანობის ძირითად მიმართულებებთან დაკავშირებით საკუთარი ხედვები გააცნო.

კობა გვენეტაძის თქმით, ქვეყანაში საჭიროა დედოლარიზაციის - ანუ ლარიზაციის პროცესის ხელშეწყობა.

"უნდა გაძლიერდეს საზოგადოების ნდობა ეროვნული ბანკის მიმართ, შენარჩუნდეს სტაბილური და დაბალი ინფალცია, მოხდეს ლარში გაცემული დენომინირებული სესხების ხელშეწყობა, განვითარდეს ფინანსური ბაზრების, გაუმჯობესდეს საკრედიტო ინფორმაციების სისტემები“,- განაცხადა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატმა.

გვენეტაძე მიიჩნევს, რომ კომუნიკაცია ეროვნულ ბანკსა და საზოგადოებას შორის უნდა გაძლიერდეს და ეროვნულმა ბანკმა საზოგადოებისათვის საინტერესო და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით მოსახლეობას მეტი ინფორმაცია და განმარტებები მიაწოდოს.

„აუცილებელია, გაძლიერდეს მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხები, მოსახლეობა უნდა იყოს სრულად ინფორმირებული და დაცული მოულოდნელი ფინანსური რისკებისაგან, თუმცა ეს არ უნდა მოხდეს ფინანსური ინსიტუტებისა და კომერციული ბანკების ინტერესების ხარჯზე, რადგან  გამართული ფინანსური სექტორის არსებობა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს“,- აღნიშნა გვენეტაძემ.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა, რომელიც საკომიტეტო განხილვას ესწრებოდა, კომიტეტს საკითხის პროფესიონალური განხილვისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

"ვფიქრობ, რომ კომიტეტის მხრიდან გამოხატული მხარდაჭერა არის ნიშანი და საკითხისადმი პროფესიული მიდგომის ხაზგასმა, ვინაიდან კობა გვენეტაძე სამოქალაქო საზოგადოებასთან, ექსპერტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციების შედეგად წარუდგინა საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს. კანდიდატის შერჩევისას იყო ძალიან მნიშვნელოვანი კრიტერიუმები, როგორიცაა: განათლება, კვალიფიკაცია და პოლიტიკისგან თავისუფლება - აპოლიტიკურობა. ეს იყო სწორედ ის, რასაც დღეს კომიტეტმა დაუჭირა მხარი“,- აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

კომენტარები