ლარის გაუფასურება

რევიშვილი ლარზე: მთავრობამ სახელოები უნდა დაიკაპიწოს და მსხვილ დონორებს ეხვეწოს

ტაბულა
თავისუფალი დემოკრატების წევრის ვასილ რევიშვილის შეფასებით, მთავრობამ ნდობის ყველა მანდატი ამოწურა. რევიშვილმა ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში აღნიშნა, რომ ლარის ასეთი გაუფასურების ფონზე გამოსავალი მხოლოდ ერთია - მთავრობამ დააინტერესოს მსხვილი დონორები საქართველოში ინვესტიციების ჩადებით.
 
"შეიძლება, პრემიერისთვის ეს საგანგაშო არ არის, მაგრამ 2.50 დოლარის კურსი დიდი ხნის განმავლობაში ძალიან ბევრ ადამიანს დაუკარგავს იმის შესაძლებლობას, რომ ელემენტარულად, თავის სესხს ემსახუროს. უკვე მიგვაჩვიეს ამ საგარეო ფაქტორს, გასაგებია, რომ არსებობს კარგი და ცუდი ფაქტორები, მაგრამ ჩვენნაირ პატარა ეკონომიკაში ამ პრობლემის - დოლარის მოთხოვნა-მიწოდების ბალანსის სხვა გზების პოვნაც შეიძლება. მთავრობას ალბათ შეუძლია, უფრო დაუყოვნებლივი და სწრაფი ნაბიჯები გადადგას იმისთვის, რომ ელემენტარულად განწყობა, მოლოდინები შემოაბრუნოს ლარის სასარგებლო მიმართულებით. მთავრობის მხრიდან აუცილებელია უფრო პროაქტიური მუშაობა დონორებთან, მსხვილ ინვესტორებთან, ეს არის ირლანდიური მიდგომა, მთავრობამ სახელოები უნდა დაიკაპიწოს და მსხვილ კომპანიებში ინტერესი გააღვივოს საქართველოში ინვესტირების და ქვეყანაში სასწრაფოდ შემოსვლის. ამ ხელისუფლებამ ამოწურა ნდობის ყველა მანდატი. ეროვნული ვალუტა სარისკო და ცვალებადი გახდა. სენტიმენტმა აიღო სადავეები, კურსი არ გასწორდა, იმიტომ, რომ ხალხს არ სჯერა, რომ მთავრობა რამეს გააკეთებს კურსის გასაუმჯობესებლად" - განაცხადა რევიშვილმა და აღნიშნა, რომ მთავრობის ერთ-ერთი შეცდომა ფულის არაეფექტური ხარჯვაა.
 
"არ მინდა, მათ რამე დავალება მივცე და კვლავ არასწორად დაიწყონ ფულის ხარჯვა, ერთადერთი, რაც შეიძლება, რომ დონორებთან ხვეწნით მივიდნენ" - თქვა თავისუფალი დემოკრატების წევრმა.
 
ცნობისთვის, ლარის გაუფასურებამ დღეს ახალი რეკორდი მოხსნა. ერთი დოლარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა 2.49-ს გადააჭარბა. 

კომენტარები