არჩევნები გარდაბანში

ენმ: გარდაბანში, მუღანლოში ჩვენს მხარდამჭერ ახალგაზრდებს ემუქრებიან

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის აკაკი მინაშვილის განცხადებით, გარდაბანში, სოფელ მუღანლოში პარტიის მხარდამჭერ ახალგაზრდებს აშინებენ, ემუქრებიან, რომ მათ ფიზიკურად გაუსწორდებიან. მინაშვილმა სამართალდამცავებს ამ საქმით დაინტერესებისკენ მოუწოდა.

"მოგეხსენებათ, რომ 28 იანვარს, გარდაბანში, გამგებლის არჩევნებია და დამკვიდრებული ტრადიციისამებრ, "ქართული ოცნება" ამომრჩევლის გულის მოგებას არა საქმის კეთებითა და პრობლემების გადაჭრით ცდილობს, არამედ მოქალაქეების აქტივობის შეფერხებით. ჩვენ გვაქვს ამის კონკრეტული მაგალითი, "ქართული ოცნების" სახელით ადგილობრივებს ემუქრებიან, რათა ამ ადამიანებს, ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებს, მუშაობაში ხელი შეუშალონ. მინდა, ყველა გავაფრთხილო და სამართალდამცავ უწყებებს მკაცრად მოვუწოდო, რომ გამოიძიონ ეს საქმე. მინდა, ყველას შევახსენო და მკაცრად გავაფრთხილო, 2016 წელს, "ქართული ოცნება" საქართველოს ხელისუფლებას დატოვებს", - ამბობს მინაშვილი.

ამასთან, ქართული ოცნების ინფორმაციით, ნაციონალური მოძრაობა აქტიურად განიხილავს გარდაბნის არჩევნებში კანდიდატის მოხსნის საკითხს. პარტიის მოსაზრებით, ამის რეალური მიზეზი ისაა, რომ ენმ ვერ ახერხებს ამომრჩეველთა ხმების სოლიდური რაოდენობის მიღებას. ქართული ოცნების განცხადებით, გარდაბნის არჩევნების შედეგები ცხადყოფს იმ სოციოლოგიური კვლევების სიყალბეს, რომელთა თანახმად ქართული ოცნების რეიტინგი დრამატულად არის შემცირებული. ამ თემაზე პარტია ბრიფინგის გამართვას ხვალ გეგმავს.

კომენტარები