ზუგდიდში დაკარგული ტაქსის მძღოლი თითქმის 24-საათიანი ძებნის შემდეგ მოკლული იპოვეს. ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ინფორმაციით, 60 წლის სოსო ე.-ს თავში დარტყმა ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული. ცხედარი სოფელ ნარაზენის ტყეში იპოვეს.
წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმის მიზეზი ყაჩაღობაა. გარდაცვლილის ავტომობილი სამართალდამცავებმა მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს.
როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. შსს-ში დამატებით კითხვებს არ პასუხობენ და აღნიშნავენ, რომ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.





