რუსთავი 2-ის საქმე

გვარამია: მოვუწოდებ რეესტრს, დვალის შემოთავაზების რეგისტრაცია არ მოახდინოს

ნიკა გვარამია
რუსთავი 2

ნიკა გვარამიას განმარტებით, ის დაეყრდნო რევაზ საყევარიშვილისა და დავით დვალის განცხადებებს და ამის საფუძველზე თქვა, რომ საჯარო რეესტრმა უკანონოდ დაარეგისტრირა რუსთავი ორის დროებითი მმართველების დოკუმენტაცია. 

"მე მინდა, განვმარტო ჩემი პოზიცია რეესტრთან დაკავშირებით, ბოდიში მოვიხადო და უკან წავიღო ჩემი სიტყვები. ჩვენ დროის სიმცირის გამო, ვერ მოვახერხეთ გადამოწმება - რეგისტრირებული იყო თუ არა ეს ყველაფერი. ყოველ შემთხვევაში, საიტზე არ ჩანს. იმედს ვიტოვებ, არ ჩანს იმიტომ, რომ ის არ არის რეგისტრირებული. ჯერჯერობით არ არის რეგისტრირებული და იმედია, არც მოხდება. ზალიკომაც განაცხადა საჯაროდ, რომ ეს მისი თანხმობის გარეშე მოხდა და ამიტომ, მოვუწოდებ რეესტრს, რომ ამის რეგისტრაცია არ მოახდინოს. კიდევ ერთხელ უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები რეესტრის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით და ეს ნამდვილად ობიექტური მიზეზებით იყო გამოწვეული", - თქვა გვარამიამ. 

რუსთავი 2-ის დროებითმა მმართველებმა დავით დვალმა და რევაზ საყევარიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ტელეკომპანიის მართვის უფლებას გენერალური დირექტორის მოადგილე ზაალ უდუმაშვილს ცალმხრივად ანიჭებენ. როგორც ცნობილია, მათ ამგვარი წინადადებით ტელეკომპანიას ადრეც მიმართეს, თუმცა, არხის ხელმძღვანელობამ უარი განაცხადა. ტელეკომპანია თამაზ ურთმელიძის განჩინებას დროებითი მმართველების დანიშვნის შესახებ უკანონოდ მიიჩნევს და, შესაბამისად, არხის მოსაზრებით, დვალი და საყევარიშვილი რუსთავი 2-ის დროებითი მმართველები არ არიან. დვალის და საყევარიშვილის თქმით, უფლებამოსილების მინიჭების დადგენილება ტელეკომპანიაში დღეს გაიგზავნება. "უდუმაშვილს აქვს სრული უფლება, აფუნქციონიროს რუსთავი 2", - ამბობს დავით დვალი. მისი განმარტებით, უდუმაშვილს უფლებამოსილებას ანიჭებენ იქამდე, სანამ სასამართლოს ყველა ინსტანციაში განჩინების განხილვა დასრულდება.

კომენტარები