სამართალდამცველებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, 1969 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი არიფ ა. ყაჩაღობის მომზადების ბრალდებით გარდაბნის რაიონის სოფელ ჯანდარაში დააკავეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით, გარდაბნის რაიონის სოფელ ჯანდარაში მცხოვრები ტელმან ხ-ის სახლზე ყაჩაღური თავდასხმა დაგეგმა, რაც ვერ განახორციელა.
"სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, არიფ ა. სოფელ ჯანდარაში, ტელმან ხ-ის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც ის დაგეგმილი დანაშაულის განხორციელებას აპირებდა. პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას დანა, ელექტროშოკი და რეზინის ხელთათმანები ნივთმტკიცებად ამოიღო", - აცხადებს შსს.
გამოძიება ყაჩაღობის მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 18-179-ე მუხლით).





