სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე რ. ფ. დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ რ. ფ.-მ შუახევის რაიონში, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 2 ჰექტარი მიწის ნაკვეთის კანონიერი პროცედურების გავლის გარეშე სარგებლობაში გადაცემისა და მფარველობის გაწევის სანაცვლოდ საქართველოს მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა 10 000 აშშ დოლარი.
"რ. ფ.-მ მოქალაქისაგან სრულად აიღო ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხა, რა დროსაც იგი დააკავეს. გამოძიება ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილით). გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო" - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.