რუსთავი 2-ის საქმე

ყარამანაშვილები: ხელისუფლებას სურს, რუსთავი 2 ანტისადავლურ მედიას დაამსგავსოს

რუსთავი 2

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მფლობელები, ლევან და გია ყარამანაშვილები ტელევიზიის გარშემო მიმდინარე პროცესებზე განცხადებას ავრცელებენ. ისინი ბოლო 3 წლის მანძილზე რუსთავი 2-ის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიაზე საუბრობენ, რაც, მათი თქმით, ხელისუფლების მიერ მიზანმიმართულად, თავისუფალი სიტყვისა და კრიტიკული აზრის ჩასახშობად იმართება.

„ ყველას კარგად გვახსოვს ზეწოლა სატელევიზიო რეიტინგების მზომავ კომპანიაზე, სარეკლამო ბაზარზე კონტროლის დამყარების მიზნით; ფარული კამერების აღმოჩენა ტელეკომპანიაში, რაც დღემდე არ გამოძიებულა; ტელევიზიის გენერალური დირექტორის დაპატიმრება სრულიად აბსურდული ბრალდებით; სარეკლამო ბაზრის შეზღუდვა, რომელიც ხელისუფლების აღიარებით იმთავითვე რუსთავი 2-ის, როგორც ერთადერთი ფინანსურად დამოუკიდებელი ტელევიზიის წინააღმდეგ იყო მიმართული; ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის მოსყიდვის მცდელობა. ხოლო როცა ამან დასახული შედეგი ვერ გამოიღო, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით შანტაჟი და მუქარა ოჯახის წევრების მიმართ", - ჩამოთვლილია განცხადებაში.

ყარამანაშვილები ამბობენ, რომ ნიკა გვარამია სრულად ამართლებს მათ მოლოდინს და „პირნათლად ასრულებს დირექტორის მოვალეობას". აქვე აღნიშნულია, რომ „სარედაქციო პოლიტიკას თავად ტელევიზია განსაზღვრავს ჩვენი საერთო ევროატლანტიკური ფასეულობების ფარგლებში, რომელთაგან ტელევიზიას არასდროს გადაუხვევია."

ტელეკომპანიის 91%-იანი წილის მფლობელები წერენ, რომ „ხელისუფლებას სურს, რუსთავი 2 მაამებლურ მედიასაშუალებად აქციოს და ქვეყნის ფაქტობრივი მმართველის საყვარელ ანტისადავლურ მედიასაშუალებებს დაამსგავსოს."

„დღეს თითოეულმა მოქალაქემ უნდა გადაწყვიტოს, რა სჯობია უშუალოდ მისი და მისი ოჯახის მომავლისთვის - ისეთირუსთავი 2, როგორიც გვაქვს დღეს, თუ ისეთი, როგორადაც ხელისუფლებას სურს აქციოს. აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, როგორც არ უნდა დამთავრდეს ამ ეტაპზე კლასიკური რუსული რეიდერული სტილის შეტევა, საბოლოოდ, რუსთავი 2-ს საფრთხე არ ემუქრება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თამაზ ურთმელიძე მიიღებს წინასწარ დაანონსებულ უკანონო გადაწყვეტილებას, ადრე თუ გვიან, ჩვენი საკუთრების უფლება აღდგება - ჩვენ ვერ წაგვართმევენ რუსთავი 2-ს, ქვეყანას კი შეიძლება წაართვან წარმატებული მომავლის შანსი", - წერია განცხადებაში.

რუსთავი 2-ის საქმეზე სასამართლო პროცესი ხვალ არის ჩანიშნული.

 

კომენტარები