ნარკოდანაშაულთან ბრძოლა

შსს: თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 4 კილოგრამამდე კოკაინია ამოღებული

კოკაინი
police.ge

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამხრეთ აფრიკის მოქალაქეს საქართველოში 3 კილოგრამი და 609,66 გრამი კოკაინი ბრაზილიიდან, დოჰას გავლით შემოჰქონდა. მოქალაქე ლუნგა მ დაკავებულია. 

"შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ნარკოტრანზიტის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილებამ, მის მიერ გამოვლენილი ნარკოტრანზიტის მარშრუტის გავლით საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის მორიგი ფაქტი აღკვეთა. აღნიშნულმა განყოფილებამ, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მოქალაქე, 1987 წელს დაბადებული ლუნგა მ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა ბრაზილიიდან დოჰას გავლით საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება კოკაინი შემოიტანა. სამართალდამცველებმა ლუნგა მ-ს ხელბარგის ჩხრეკისას 3 კილოგრამი და 609,66 გრამი კოკაინი ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით)", - წერს უწყება.

კომენტარები