ქუთაისის მერია

ქუთაისის მერიის თანამშრომლების ჩაცმულობას და ქცევის ნორმებს გააკონტროლებენ

www.humanrights.ge

ქუთაისის მერიის თანამშრომლებს "დახეული ჯინსებით, ღია ფერის სპორტული ფეხსაცმელით, ღრმა დეკოლტეთი და ზომაზე მოკლე ქვედაბოლოთი" სამსახურში მისვლა ეკრძალებათ. ამის შესახებ ტელეკომპანია მაესტროსთან საუბარში ქუთაისის მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი ზვიად ჯავახია აცხადებს. 

მისივე თქმით, "თანამშრომლის ჩაცმულობა სამსახურის გარეთ, რა თქმა უნდა, არ გაკონტროლდება. მისი ქცევის წესები და ნორმები, რა თქმა უნდა, გაკონტროლდება სამსახურის გარეთაც, რადგანაც მისი მოქმედებები არ უნდა იყოს რეპუტაციის შემლახველი".

ტელეკომპანია მაესტროს ცნობით, შესაბამისი ცვლილება ქუთაისის მერიის შინაგანაწესში ახლა შევიდა, თუმცა მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი ზვიად ჯავახია ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ ზოგადად ასეთი წესი მათთან ადრეც არსებობდა, თუმცა ახლა თანამშრომლებს “კიდევ ერთხელ შეახსენეს”. მისივე თქმით, სანქცია, რომელიც საჯარო მოხელეს დრესკოდის დარღვევის შემთხვევაში დაეკისრება, იქნება “უბრალოდ გაფრთხილება, რომ აღარ ჩაიცვა. თუ კიდევ ჩაიცვამს, მაშინ დაარღვევენ შინაგანწესს, [რასაც] ალბათ სიტყვიერი გაფრთხილება [მოჰყვება], სამსახურიდან მაგის გამო არ დაითხოვენ. თუმცა, თუ [დარღვევას] რეგულარული ხასიათი ექნება, შეიძლება მკაცრი ზომების მიიღებაც”.

კომენტარები