საპარლამენტო უმცირესობა პარლამენტს მიმართავს, რუსთავი 2-თან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება შეიმუშაოს. ენმ საკითხს ბიუროს სხდომაზე დააყენებს.
"არსებულ პრობლემებზე პარლამენტისგან განცხადების გაკეთებას მოვითხოვთ. დღეს ჩვენ ბიუროზე დავაყენებთ საკითხს, რომ მოხდეს მსჯელობა განცხადებაზე, რომელიც უკავშირდება საქართველოს მთავრობის ზეწოლას რუსთავი 2-თან და თავისუფალ მედიასთან მიმართებით. ჩვენი მოთხოვნაა, პარლამენტმა დაგმოს ის მოქმედებები, რომელსაც ახორციელებს საქართველოს მთავრობა, როდესაც სხვადასხვა შტოები სინქრონიზებულად მოქმედებენ მედიის წინააღმდეგ. ასევე გვაქვს მოთხოვნა, შეწყდეს ზეწოლა რუსთავი 2-ზე და თავისუფალ მედიაზე", - თქვა რატიანმა.
ცნობისთვის, გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლომ ქიბარ ხალვაშის მოთხოვნით, შპს ტელეკომპანია საქართველოს ყადაღა დაადო. შპს ტელეკომპანია საქართველო რუსთავი 2-ის 51%-იანი წილის მფლობელია. ამასთან, აგვისტოში ხალვაშის მოთხოვნით, რუსთავი 2-ის წილები დააყადაღეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს სამოქალაქო დავის მოსამზადებელი სხდომა - მოსარჩელეები ქიბარ ხალვაში და შპს პანორამა, მოპასუხეების ლევან ყარამანიშვილის, გიორგი ყარამანიშვილის, შპს ტელეკომპანია საქართველოს, ნინო ნიჟარაძის, შპს ჰაიდელბერგცემენტი ჯორჯიას, შპს გეო-ტრანსის, შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის წინააღმდეგ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ მოსამზადებელ სხდომაზე რუსთავი 2-ის რამდენიმე შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. კერძოდ, რუსთავი 2-ის მხარემ მოითხოვა სხდომის გადადება, რადგან მთავარი ადვოკატი და არხის გენერალური დირექტორი პროცესზე დასწრებას ვერ ახერხებდნენ. მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ უსაფუძვლოდ მიიჩნია აღნიშნული შუამდგომლობა და თქვა, რომ რუსთავი 2-ს სურს, სასამართლო თავის რეჟიმში ამყოფოს.
რუსთავი 2-მა ასევე ითხოვა მოსამართლე თამაზ ურთმელიძის აცილება, შემდეგ კი, საქმის კოლეგიური წესით განხილვა მოითხოვა. თუმცა ტელეკომპანიის შუამდგომლობები მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.





