სოხუმის დაცემის დღე

უსუფაშვილი: ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას აღარ დასჭირდება სისხლი

დავით უსუფაშვილი
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად შრომა და ბრძოლა გრძელდება და ამას აღარ დასჭირდება სისხლი. განცხადება ამის შესახებ უსუფაშვილმა გმირთა მემორიალთან გააკეთა, სადაც სოხუმის დაცემის 22 წლისთავთან დაკავშირებით პარლამენტის წევრებიც იმყოფებოდნენ და მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.

"ვიხსენებთ იმ გმირებს, რომლებიც დაეცნენ ამ ბრძოლაში და ყველა ერთად ვდებთ პირობას, რომ გავაგრძელებთ ჩვენს შრომას, ბრძოლას ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, დაკარგული ხალხის შემოსაერთებლად, გმირების ნაღვაწის დასასრულებლად. ეს მოხდება, მე დარწმუნებული ვარ ამას აღარ დასჭირდება სისხლი. ეს იქნება მშვიდობიანი გზით, თანამედროვე დემოკრატიულ სამყაროსთან ერთად" - განაცხადა უსუფაშვილმა.

სოხუმის დაცემიდან დღეს 22 წელი შესრულდა. 27 სექტემბერს საქართველოში ტრადიციულად ხსოვნისა და იმედის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციები ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა სახის ღონისძიებებს მართავენ. საქართველოს მართლმადიდებლურ ტაძრებში კი აფხაზეთში დაღუპულთა სულების მოსახსენიებელ პანაშვიდს იხდიან.

კომენტარები