სტატისტიკის დეპარტამენტი

ცისკარიშვილი: სტატისტიკის დეპარტამენტი მონაცემებს აყალბებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატ პეტრე ცისკარიშვილის თქმით, სტატისტიკის დეპარტამენტი მონაცემებს აყალბებს - უფრო კონკრეტულად კი, თვიდან-თვემდე დღგ-ის მონაცემების გაყალბებით, მთლიანი შიდა პროდუქტის ჯამური მონაცემების ფალსიფიცირებას ახდენს.

"მაშინ, როცა ოლიგარქი ივანიშვილი და მისი ოცნების მთავრობა პოლიტიკური ოპონენტის დაჭერითაა დაკავებული, ეკონომიკა კატასტროფულ ვარდნას განაგრძობს. საზოგადოებამ იცის, როგორ უფასურდება ეროვნული ვალუტა და ამას აქვს თავისი მიზეზები. მინდა, ყურადღება გავამახვილო სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ მონაცემების გაყალბებაზე. ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ იმაზე, რომ ისინი აყალბებდნენ თვიდან-თვემდე დღგ-ის მონაცემებს, რითიც ცდილობდნენ მთლიანი შიდა პროდუქტის ჯამური მონაცემის ფალსიფიკაციას, მაგრამ შემდეგი თვე უკვე ეწეოდა და ყველა თვეს ვერ გააყალბებდნენ, რადგან რეალური მონაცემები უნდა დაწეოდა იმ ფალსიფიცირებულ ციფრებს. ამიტომ, ახლა გადავიდნენ სხვა მეთოდიკაზე, ინვესტიციად აფორმებენ იმპორტირებულ საქონელს. ანუ, ის, რაც აქ არსებულმა კომპანიებმა იშოვეს ლარში და მოახდინეს ამ თანხის რეინვესტირება საკუთარ კაპიტალში, ეს ინვესტიციად გააფორმეს, რის შემდეგადაც ჩანს, რომ თითქოს ქვეყანაში ჯერ კიდევ შემოედინება ინვესტიცია. მაშინ ჩნდება კითხვა - რა ემართება ლარს და რატომ განიცდის დევალვაციას? პასუხი მარტივია, ეს არაა ინვესტიცია და ესაა ადგილობრივი კომპანიების რეკაპიტალიზაცია, ახალი აპარატურის შეძენა, რაც ბუნებრივია.

ამასთან, აღსანიშნავია შემდეგი ფაქტიც - მთავრობა გვიცხადებს, თითქოს გვაქვს 2.5-3 პროცენტიანი ზრდა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი მოსახლეობა უნდა მდიდრდებოდეს 2-3 პროცენტით შარშანდელთან შედარებით. სინამდვილეში კი ჩვენ ვიცით, რომ პირიქით ხდება, რასაც ისევ და ისევ ლარის დევალვაცია იწვევს", - თქვა პეტრე ცისკარიშვილმა.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მონაცემებს საქსტატი 5.5 ათასი კომპანიისგან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ითვლის. პირდაპირ უცხოურ ინვესტიციად ითვლება ის ინვესტიცია, რომელიც გულისხმობს ერთი ქვეყნის რეზიდენტის მიერ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე განლაგებულ საწარმოში წილის ფლობას და ამ საწარმოსთან დაკავშირებულ სხვადასხვა ეკონომიკური ხასიათის ოპერაციების წარმოებას. საქსტატის მეთოდოლოგიით პირდაპირია ინვესტორი, რომელიც ფლობს საწარმოს აქციების არანაკლებ 10% პროცენტს ან ასეთი მონაწილეობის ეკვივალენტს.

კომენტარები