გიგი უგულავას საქმე

უგულავა: ხელისუფლებამ ვერ გაიგო, რომ პრობლემა აქვს, რომელსაც მოგვარება უნდა

17.09.2015
ტაბულა

პატიმრობიდან გათავისუფლებული თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას განცხადებით, ის სამართლებრივ ბრძოლას გააგრძელებს. უგულავამ სასამართლოს შენობის დატოვების შემდეგ, რუსთავი 2-თან საუბრისას თქვა, რომ მისი მთავარი მიზანი პოლიტიკური დევნის დასრულებაა. თბილისის ყოფილი მერის თქმით, ხელისუფლება ვერ ხვდება, რომ პრობლემა აქვს და ამ პრობლემებს მოგვარება უნდა. მისივე განცხადებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ბიძინა ივანიშვილის მმართველობას არჩევნების გზით დაასრულებს.

"როგორ იქნება, რა იქნება, შევბრუნდები, არ შევბრუნდები ციხეში, ამას არ აქვს მნიშვნელობა, დღეს მთავარი არის ის, რომ დავასრულოთ პოლიტიკური დევნა ქვეყანაში, გავათავისუფლოთ პოლიტპატიმრები, რომლებიც გლდანისა თუ მატროსოვის ციხეში იმყოფებიან, შევწყვიტოთ პოლიტიკური დევნა პოლიტიკურ ლიდერებზე და ასეთ პირობებში თუ აქვს შნო, უნარი და თუ გრძნობს, რომ აქვს ხალხის მხარდაჭერა, გამოვიდეს თუნდაც იმ საარჩევნო კოდექსით, რომლის შეცვლასაც არ აპირებს. მე მქონდა დისტანციიდან დაკვირვების შესაძლებლობა, ძალიან მძიმე მდგომარეობაა, არ არის აუცილებელი, ყოველდღიურად ხალხს ელაპარაკებოდე, ეს ყველაფერი კარგად ჩანს. ყველაზე მძიმე მდგომარეობაა არამარტო ეკონომიკის გამო, არა მარტო იმის გამო, რომ ლარი უფასურდება, კრიმინალი იზრდება, არა, მთავარია ის, რომ ამ ხელისუფლებამ ვერ გაიგო სამი წლის შემდეგაც კი, რომ აქვს პრობლემა და ამ პრობლემებს მოგვარება უნდა, მათ არ ესმით დიპლომატიური ენის და რომ ეუბნებიან - პოლიტიკურ პატიმრებს უნდა მიხედოთ, რადგან საჯაროდ არ კიცხავენ, ამიტომ ჰგონიათ, რომ ეს არაფერია და შეიძლება გაატარონ. ივანიშვილი ვერ გრძნობს ვერანაირ საერთაშორისო კონტექსტს, რა გეოპოლიტიკური მდგომარეობაა ქვეყნის გარშემო. ის ვერ გრძნობს, შიგნით რა ხდება ქვეყანაში, მას არ ანაღვლებს და არ აინტერესებს არაფერი, მაგრამ მას აინტერესებს ძალაუფლების შენარჩუნება, ამისთვის ვალდებულია, ის გავიდეს არჩევნებზე. არ შეცვლის საარჩევნო კოდექსს ახლა? იმ საარჩევნო კოდექსით მოვუგებთ, რომელი საარჩევნო კოდექსითაც 2012 წელს წავაგეთ, არც მანდ არ არის პრობლემა. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავალთ არჩევნებზე, მთავარია, ქვეყანა მივიდეს არჩევნებამდე მშვიდად, ქვეყანა მივიდეს არჩევნებამდე წყნარად და არჩევნებზე გავისტუმროთ ეს ადამიანი და ის შავი კოშმარი, რაც ამ ქვეყანას დაატეხა თავს" - თქვა უგულავამ.

თბილისის ყოფილი მერი საქალაქო სასამართლომ ცოტა ხნის წინ გაათავისუფლა. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაედო. გუშინ საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი "გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ" ნაწილობრივ დააკმაყოფილა და 9-თვიანი წინასწარი პატიმრობის გასვლის შემდეგ, გამამტყუნებელი განაჩენის გარეშე, მისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება სხვა საქმეზე არკონსტიტუციურად ცნო. უგულავას წინასწარი პატიმრობა 7 ნოემბრის საქმეზე ჰქონდა შეფარდებული.

კომენტარები