თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეიმედისა და რიყის ტერიტორიის გასხვისების საქმეზე გიგი უგულავას პროცესი მიმდინარეობს. უგულავას ადვოკატებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს შუამდგომლობით მიმართეს და თბილისის ყოფილი მერის პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვეს. ადვოკატ ბექა ბასილაიას განცხადებით, გიგი უგულავა გუშინ, 21.05 საათიდან უკანონო პატიმრობაში იმყოფება და ის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ დაუყოვნებლივ უნდა გაეთავისუფლებინათ.
"თუმცა გვესმის ათასი სპეკულაცია, მათ შორის პოლიტიკოსებისგან და სასჯელაღსრულების მინისტრისგან, რომ საქალაქო სასამართლომ უნდა იმსჯელოს ამ საკითხთან დაკავშირებით, 21.05 საათიდან გიგი უგულავა არის უკანონო პატიმარი. რომ აღარ იყოს სპეკულაციები, მაინც მივმართეთ სასამართლოს თუ ვინმე თვლიდა, რომ სასამართლოს უნდა ემსჯელა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ. სასამართლოს, წესით, თავისი ინიციატივით უნდა მიეღო გათავისუფლების გადაწყვეტილება. ჩვენი შუამდგომლობა არ იყო ძალაში, თუმცა ჩვენ მაინც მივმართეთ საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს. ამის შემდეგ კი, შუამდგომლობის ჩაბარებისთანავე, სასამართლომ, წესით, ზეპირი მოსმენის გარეშე უნდა მიიღოს გიგი უგულავას გათავისუფლების გადაწყვეტილება", - თქვა ბასილაიამ.
დღევანდელი სხდომა, დამსწრეთა რაოდენობის გამო, სასამართლოს ყველაზე დიდ დარბაზში იმართება. საქმის პროკურორის გიგა ძნელაძის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას დღევანდელ სასამართლო სხდომასთან არანაირი სამართლებრივი შემხებლობა არ აქვს. მისი განცხადებით, საკითხზე უნდა იმსჯელოს იმ საქმის მოსამართლემ, რომელზეც გიგი უგულავას შეფარდებული აქვს წინასწარი პატიმრობა. მისივე ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, რომ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ შემაჯამებელი გადაწყვეტილება გამოაცხადოს.





