ავტომანქანების შეძენა

ენმ: რუსთავის მერის და ქვემო ქართლის გუბერნატორის მანქანებში 300 000 დაიხარჯა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რუსთავის ორგანიზაციის თავმჯდომარის მამუკა ჩიქოვანის ინფორმაციით, რუსთავის მერისა და ქვემო ქართლის გუბერნატორისთვის ტოიოტასა და ფოლკსვაგენის მარკის ავტომობილების შესყიდვისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 300 ათასი ლარი გამოიყო. საპარლამენტო უმცირესობის წევრის ირმა ნადირაშვილის შეფასებით, "ხელისუფლება არის ჩვეულებრივი მატყუარა. ერთი ხელით ისინი ხელს აწერენ დოკუმენტებს, რომლითაც გვეუბნებიან, რომ აღარ დახარჯავენ თანხებს და ქამრებს შემოიჭერენ, მეორე ხელით კი ქამრებს იჭერენ ასეთ ავტომობილებში. მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლების არაადეკვატურობას უბრალოდ საზღვარი არ აქვს". 

რუსთავის მერის დავით ჯიქიას მტკიცებით კი, ორივე მანქანის საერთო ღირებულება 100 000 ლარს არ სცდება. მისივე თქმით, "შევისყიდეთ შეძლებისდაგვარად ყველაზე იაფი მანქანები ბაზარზე". ჯიქიას განცხადებით, ქვემო ქართლის გუბერნატორის მანქანა 30 000 დოლარი ღირდა, ხოლო რუსთავის მერიის - 24 000 დოლარი. ამასთან, ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანიშვილი ამბობს, რომ მისთვის შეძენილი მანქანის ღირებულების დიდი ნაწილი სადაზღვევო კომპანიამ დაფარა.

"მანქანა მოხვდა ავარიაში, რის შედეგადაც გამოუსადეგარი გახდა და 95%, დაახლოებით 24 000 დოლარი გადაიხადა სადაზღვევო კომპანიამ", - თქვა ხიზანიშვილმა.

კომენტარები