საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 26-27 აგვისტოს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში სტოლტენბერგი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერმინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, საგარეო საქმეთა მინისტრს და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს. გარდა ამისა, NATO-ს გენერალური მდივანი პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას და გვირგვინით შეამკობს გმირთა მემორიალს.
27 აგვისტოს კრწანისის სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე გაიმართება NATO-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის ინაუგურაცია. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, გენერალური მდივანი შეხვდება საქართველოს შეიარაღებული ძალების ასეულს, რომელიც NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალებისთვის გადამზადდა.
"ოფიციალური შეხვედრების ფარგლებში განიხილება საქართველოს NATO-ში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებულ საკითხთა სრული სპექტრი და ამ მიმართულებით დაგეგმილი შემდგომი ნაბიჯები, უელსის სამიტზე მიღებული არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის მიმდინარეობა და ვარშავის 2016 წლის NATO-ს სამიტისთვის მზადების პროცესი", - აცხადებს საგარეო უწყება.





