სპეცოპერაცია

შსს: ფონიჭალაში სპეცოპერაციისას ორი სამართალდამცველი დაჭრეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფონიჭალაში ნარკოდანაშაულის გამოვლენის მიზნით ოპერატიული ღონისძიების ჩატარებისას ორი სამართალდამცველი დაჭრეს.

"სამართალდამცველებმა შეჩერება მოსთხოვეს ფონიჭალაში მოძრავი "ტოიოტას" მარკის ავტომანქანის მძღოლს, რომელიც არ დაემორჩილა პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას, გაუწია წინააღმდეგობა და მოახდინა პოლიციელების სამხურებრივ ავტომანქანაზე შეჯახება, რის შემდეგაც ცივი იარაღით ორ პოლიციელს სხეულზე დაზიანებები მიაყენა და მიმალვა შეძლო. სამართალდამცველების დაჭრაში ბრალდებული პირის დასაკავებლად მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები", - ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.

ავტომანქანაში მჯდომმა მეორე პირმა - ნამიკ ფ-მ ასევე წინააღმდეგობა გაუწია პოლიციელებს, რა დროსაც ის ადგილზე დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას, 26 შეკვრად დაფასოებული ფხვიერი ნივთიერება ამოიღეს, რომელსაც ექსპერტიზა უტარდება.

გამოძიება ნამიკ ფ-ს მიმართ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და პოლიციელისათვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 353–ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

დაჭრილი პოლიციელებიდან ერთს ოპერაცია ჩაუტარდა და მისი მდგომარეობა მძიმეა.მეორეს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა და საავადმყოფოდან უკვე გამოწერეს.

 

კომენტარები