მცოცავი ოკუპაცია

ენმ-მ მცოცავი ოკუპაცია ხურვალეთში გააპროტესტა

რუსთავი 2

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ანტიკორუფციული ჯგუფის წევრებმა სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ხაზის გადმოწევა გააპროტესტეს. ისინი ე.წ საზღვრის აღმნიშვნელ ბანერთან ტრანსპარანტებით - "შეაჩერე ანექსიას" - მივიდნენ. 

"ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რუსეთთან არ იყოს კონფრონტაცია და ომი. მაგრამ სრულიად დაუშვებელია, ეს გადაიზარდოს იმ ვითარებაში, როდესაც დღისით-მზისით, საყოველთაო სიჩუმეში, ვითომ მშვიდობიან ვითარებაში, აი, ასე ვკარგავთ ქართულ მიწას. ეს არის მიუღებელი,"- აცხადებს საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე. 

დეპუტატმა სერგო რატიანმა კი, ხელისუფლება უმოქმედობაში დაადანაშაულა. 

"მცოცავი ანექსია არის ხელისუფლების კაპიტულანტური შედეგი. რუსებს ყოველდღიურად გადმოაქვთ საოკუპაციო ხაზი ისე, რომ ამაში პოლიტიკურ ფასს არ იხდიან,"- თქვა რატიანმა. 

ცნობისთვის, 10 ივლისს, საოკუპაციო ხაზზე ე.წ. საზღვრის სადემარკაციო სამუშაოები განახლდა. მას შემდეგ, რაც შიდა ქართლში "საზღვრის" აღმნიშვნელი ახალი ბანერები გამოჩნდა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა ბაქო-სუფსის მილსადენის ნაწილი, რომლის ოპერირებასაც BP ეწევა.

საოკუპაციო ზოლის გადმოწევის შემდგომ ადგილობრივი მოსახლეობის მიწები ე.წ. საზღვარს მიღმა ექცევა.

კომენტარები