ქრთამის აღება

ქრთამის აღების ფაქტზე ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი დააკავეს

ქრთამის აღების ფაქტზე ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავეს. გამოძიებით დადგენილია, რომ ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა პატარა ფოთის ადმინისტრაციულ ერთეულში, აკაკი ხურცილავამ სოფელ პატარა ფოთის ტერიტორიაზე განთავსებული სამშენებლო ნარჩენების უკანონოდ მოწყობილ ნაგავსაყრელზე, სამშენებლო ნარჩენების გადაყრის უფლებისა და შემდგომში მფარველობისა და საჯარიმო სანქციისგან არიდების სანაცვლოდ, ერთ-ერთი საწარმოს დირექტორს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 500 ლარი", - ნათქვამია განცხადებაში.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით გრძელდება, რაც თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე ითვალისწინებს.

 

კომენტარები