საჯარო ფინანსები

საქართველოს საგარეო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის 31.7%-ია

REUTERS | Associated Press

ეროვნული ბანკის მონაცემებით საქართველოს სახელმწიფო სექტორის საგარეო ვალი $5.1 მილიარდს შეადგენს, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) 31.7%-ია. საქართველოს მთლიანი საგარეო ვალის მოცულობა კი $13.4 მილიარდს შეადგენს. ქვეყნის მთლიანი საგარეო ვალი მოიცავს საქართველოს სახელმწიფო სექტორის საგარეო ვალს, კერძო სექტორის საგარეო ვალს და ეროვნული ბანკის საგარეო ვალს. 

სახელმწიფო საგარეო ვალი 31 მარტის მონაცემებით $5.1 მილიარდს შეადგენს, რაც საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 31.7%-ია. სახელმწიფოს კუთვნილი საწარმოების მთლიანი ვალი $837 მილიონია, ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები კი $232 მილიონს შეადგენს. 

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სახელმწიფო სექტორის საგარეო ვალი 2.4%-ით, ანუ $101 მილიონით არის შემცირებული. წინა წელთან შედარებით ასევე $69 მილიონით, ანუ 23%-ით არის შემცირებული საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი. საქართველოს სახელმწიფო კომპანიების საგარეო ვალი წინა წელთან შედარებით $7 მილიონით, ანუ 0.8%-ით არის შემცირებული.

სახელმწიფო საგარეო ვალი ძირითადად ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას ხმარდება. სახელმწიფო საგარეო ვალი საქართველოს მსგავსი განვითარებადი ქვეყნებისთვის უცხოური ვალუტის მოზიდვის ერთ-ერთი ხელმისაწვდომი საშუალებაა. მეტიც, სახელმწიფო საგარეო ვალი საშინაო ვალზე უფრო ხელმწისაწვდომია. გრძელვადიანი საგარეო ვალის საპროცენტო განაკვეთი კი 1-2%-ის ფარგლებში მერყეობს. საგარეო ვალის კიდევ ერთი უპირატესობა ისაა, რომ საგარეო ვალი უცხოურ ვალუტაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი შემოდინება ლარის გამყარებაზე დადებით გავლენას ახდენს. 

მთლიან საგარეო ვალში პირველ ადგილზე კერძო სექტორის ვალია, საბანკო სექტორის საგარეო ვალი $2.8 მილიარდია, ხოლო სხვა კერძო სექტორების ვალი $3.6 მილიარდია. 

მთლიანი საგარეო ვალის 94% დენომინირებულია უცხოური ვალუტით, რაც იმას ნიშნავს, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურება ლარში საგარეო ვალის მოცულობას ზრდის. 

საგარეო ვალის სტატისტიკა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიის მიხედვით არის შედგენილი. 

კომენტარები