სტიქია თბილისში

ელიზბარაშვილი: ლომის ძებნის ოპერაციისას კავკასიური ნაგაზი მოკლეს

ზოოპარკიდან გაქცეული ლომის ძებნის ოპერაციისას სპეცსამსახურის წარმომადგენლებმა კავკასიური ნაგაზი მოკლეს - ამის შესახებ თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფრის განცხადებაშია ნათქვამი.

გუშინდელი სტიქიის შემდეგ ძაღლების თავშესაფარი აღარ არსებობს. მისი ბინადრების უდიდესი ნაწილი დაიღუპა. თავშესაფრის წარმომადგენლები ხალხს და მთავრობის წარმომადგენლებს დახმარებისკენ მოუწოდებენ.

„თავშესაფარი აღარა გვაქვს!!!
ეს არის ენით აღუწერელი ტრაგედია! ჩვენი ბინადრების უმრავლესობა შეეწირა სტიქიას. ნაწილის გადარჩენა მოვახერხეთ, მაგრამ ახლა საფრთხის წინ დგას მათი სიცოცხლე. როგორც არასდროს, ისე გვჭირდება თქვენი თანადგომა.

ვაკე-საბურთალოს სასაფლაოს შესეულ ჩვენს ბინადრებს სასწრაფოდ ესაჭიროება დროებითი თავშესაფარი. მოგმართავთ ყველას, - დაწყებული ქალაქის მერიიდან, დამთავრებული რიგით მოქალაქემდე, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადავჭრათ ეს პრობლემა, თორემ თითოეული მათგანის სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ის ინციდენტი, რომელსაც უკვე შეეწირა ჩვენი ერთი ბინადრის სიცოცხლე...

როგორც მოგეხსენებათ, ქალაქში გამოცხადებულია მობილიზება, ზოოპარკიდან გაქცეულ ბინადრებზე. სპეც-ნაწილი ვაკე-საბურთალოს სასაფლაოზეც დაეძებდა დაკარგულ ლომს, მიუხედავად ბატონი თამაზის გაფრთხილებისა, რომ სასაფლაოს თავი შეაფარა თავშესაფრის ბინადრებმა, ერთმა ჯარისკაცმა მოახდინა გასროლა და ჩვენი ულამაზესი კავკასიური ნაგაზი შეეწირა ლომის ძებნის ოპერაციას. ამან ბუნებრივია ბატონი თამაზის სამართლიანი გულისწყრომა გამოიწვია.

მეგობრებო, უმორჩილესად გთხოვთ დაგვეხმარეთ ჩვენი ბინადრების გადარჩენაში, სადაც ჯარისკაცს შეეშალა ძაღლი ლომში, რით ვართ დაზღვეული, რომ რიგითმა მოქალაქემ თავდაცვის მიზნით, მსგავსად არ მოიქცეს...

მათი სიცოცხლე საფრთხეშია!

გადაგვირჩინეთ ჩვენი ბინადრები!

მოდით ვაკე-საბურთალოს სასაფლაოზე, ეკლესიასთან!!!

გვეიმედებით მეგობრებო!!!

გააზიარეთ, გთხოვთ!!!" - ნათქვამია თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფრის განცხადებაში.

კომენტარები