მთავრობის სხდომა

მინისტრთა კაბინეტის წევრები ბიუჯეტის კორექტირების შესახებ მსჯელობენ

facebook.com/GaribashviliOfficial

მთავრობის ადმინისტრაციაში მინისტრთა კაბინეტის წევრები ბიუჯეტის კორექტირების შესახებ მსჯელობენ. პრემიერმინისტრი მთავარი ფინანსური დოკუმენტის განახლების შესახებ ინფორმაციას ფინანსთა მინისტრისგან იღებს. მინისტრები დღეს 24 საკითხს განიხილავენ. დღის წესრიგის ბოლო საკითხი საიდუმლოა.

სხდომის დაწყებამდე ირაკლი ღარიბაშვილმა საუდის არაბეთის პრინცის ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ვიზიტი საკმაოდ ძლიერი გზავნილის შემცველი იყო.

"მსოფლიოში გამოჩენილი ბიზნესმენი, როგორიც არის საუდის არაბეთის პრინცი, გამოხატავს ნდობას ქვეყნის მიმართ. მე მინდა, აღვნიშნო მადლიერებით, რომ მისი ვიზიტი იყო საკმაოდ ძლიერი გზავნილის შემცველი. პრინცი აპირებს უახლოეს მომავალში გამოაგზავნოს დელეგაცია, რომელიც უკვე კონკრეტულ პროექტებზე დაიწყებს მუშაობას საქართველოში ინვესტიციების ჩასადებად. ასე რომ, ეს არის ძალიან პოზიტიური და ძალიან ძლიერი გზავნილი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საუდის არაბეთის პრინცის ვიზიტი საქართველოში გუშინ დასრულდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრინცი საქართველოში მთავრობის მეთაურის მოწვევით იმყოფებოდა და ქვეყნის საინვესტიციო გარემოს გაეცნო.

კომენტარები