მოსამართლეები - მიხეილ ჩინჩალაძე, ვალერი ცერცვაძე და ლევან მურუსიძე თავისუფალი დემოკრატების ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებას სასამართლოში ჩარევის მცდელობად აფასებენ. მათი მტკიცებით, ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილს არ შეხვედრიან. ირაკლი ალასანიას გავრცელებული ინფორმაციით კი, სწორედ ეს სამი მოსამართლე იმყოფებოდა ივანიშვილთან საიდუმლო შეხვედრაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ ჩინჩალაძე ალასანიას განცხადებას სასამართლოზე გადაწყვეტილების ზეგავლენის მოხდენის მიზნით, პირდაპირი ჩარევის მცდელობად აფასებს.
"მე ამას სხვას ვერაფერს დავარქმევ. ვერანაირ მტკიცებულებებს ვერ მოიპოვებს იმიტომ, რომ ბუნებაში ასეთი შეხვედრა არ ყოფილა და ვფიქრობ, ცოტა მეტი პასუხისმგებლობაა საჭირო, როდესაც ვეხებით სასამართლოს და ვცდილობთ მის პოლიტიკურ პროცესებში ჩათრევას. ეს აბსოლუტურად მიუღებელია", - თქვა ჩინჩალაძემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ვალერი ცერცვაძის განცხადებით, "რა თქმა უნდა, ამ საკითხს კატეგორიულად უარვყოფთ. ეს არასწორი ინფორმაციაა. ჩვენ არავითარი შეხვედრა, არავითარი გარიგება ამ საკითხთან დაკავშირებით არ გვქონია".
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ლევან მურუსიძის თქმით კი, "ეს მიმართულია სასამართლოს შანტაჟისკენ. პირდაპირ მე ვადასტურებ, რომ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა არ მქონია. მცდელობა, რომ სასამართლო ჩართო პოლიტიკურ პროცესებში, ეს ქვეყნისთვის დამღუპველი, მიუღებელი და დაუშვებელია. ამიტომ, ზოგადად ყველა პოლიტიკოსს მოვუწოდებ, თავი შეიკავონ, რომ სასამართლო ჩართონ პოლიტიკაში".
შეგახსენებთ, რომ თავისუფალი დემოკრატების ლიდერის ირაკლი ალასანიას ინფორმაციით, ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი რამდენიმე მოსამართლეს საიდუმლოდ შეხვდა. თავდაცვის ყოფილი მინისტრის მტკიცებით, შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ მოსამართლეები გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებების შეჩერების სანაცვლოდ, ე.წ. კაბელების საქმეზე, ივანიშვილისთვის სასურველ გადაწყვეტილებას გამოიტანენ. გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრა პარასკევ საღამოს გაიმართა და მას სამი მოსამართლე ესწრებოდა - ლევან მურუსიძე, მიხეილ ჩინჩალაძე და ვალერი ცერცვაძე. ტელეკომპანიის ცნობით, შეხვედრაზე ისაუბრეს ცვლილებაზე, რომელიც 25 რაიონული სასამართლოს თავმჯდომარეების მიერ ავტომატურად პოსტის დატოვებას ეხებოდა. შეთანხმების თანახმად, ეს ცვლილება აღარ განხორციელდება.





