ნარკოდანაშაული

ნარკოდანაშაულის ბრალდებით თელავის გამგეობის თანამშრომლები დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცველებმა თელავის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი, 1977 წელს დაბადებული ზურაბ ბურდული და სსიპ თელავის მერიის სასპორტო გაერთიანების მასწავლებელი, 1976 წელს დაბადებული შალვა ბეგიაშვილი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და დამზადების ბრალდებით დააკავეს. ორივე მათგანი თელავის რაიონის სოფელ ვარდისუბანში, შალვა ბეგიაშვილის საცხოვრებელი სახლიდან აიყვანეს. შსს-ს ცნობით, ბრალდებულები პირადი მოხმარების მიზნით ნარკოტიკულ საშუალებას ამზადებდნენ. გამოძიება ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და დამზადების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით), რაც სასჯელის სახით 7–დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"ექსპერტიზის დასკვნით, სახლიდან ამოღებულია 5,681 გრ ოპიუმის შემცველი ყაყაჩოს ექსტრაქტი. ორივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს“, – აცხადებენ შსს–ში.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ნათელა ჯაშიაშვილი ამ წუთებში განიხილავს დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების შესახებ პროკურატურის შუამდგომლობას.

კომენტარები