საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძემ და სამეზობლო პოლიტიკის გაფართოების საკითხებში ევროკომისიის დირექტორატის ხელმძღვანელმა ჯერარდ შუმან ფიცლერმა, დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში ორ საფინანსო შეთანხმებას მოაწერეს ხელი. შეთანხმების მიხედვით, ევროკავშირის დახმარების 2014 წლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, მართლმსაჯულების სექტორის მხარდაჭერის პროგრამისთვის 50 მილიონი ევროა გათვალისწინებული, ადამიანის უფლებების დაცვის პროგრამის მხარდასაჭერად კი - 10 მილიონი ევრო.
"რადგან საქართველო ასე დაინტერესებულია ევროკავშირთან უფრო მეტად დაახლოებით და რათა საქართველო უფრო ახლოს მივიდეს ევროკავშირთან, საჭიროა მნიშვენლოვანი ცვლილებები, როგორც სამართლებრივი, ასევე ბიზნესგარემოს განვითარების კუთხით. სწორედ ამ მიმართულებების გაუმჯობესებას და ხელშეწყობას ემსახურება ეს ორი მნიშვნელოვანი ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულებების საბოლოო მიზანი არის ქვეყანაში შესაბამისი სტრუქტურების უფრო დახვეწა და უკეთესი ბიზნესგარემოს ჩამოყალიბება, რათა საქართველოს ამოცანა, რომ უფრო ღრმად იყოს ინტეგრირებული ევროკავშირთან, განხორციელდეს", - თქვა ფიცლერმა.
დღესვე დავით ბაქრაძე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის რეგიონისთვის ამერიკის დახმარებების კოორდინატორს ალინა რომანოვსკის შეხვდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ სახელმწიფო მინისტრმა თქვა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებით და ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებულ პრიორიტეტებს. ასევე ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელებას და საერთაშორისო დახმარების მობილიზებას, აღნიშნული პრიორიტეტების მხარდასაჭერად.





