საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს საქართველოს ექსპორტი 26%-ით, იმპორტი კი 8%-ით შემცირდა. საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის, Fitch-ის რეიტინგის მიხედვით, წელს საქართველოს ექსპორტი 20%-ით შემცირდება.
წელს იანვარ-აპრილში საქართველოდან ექსპორტირებული საქონლის ღირებულება 26%-ით შემცირდა და $688 მილიონი შეადგინა, იმპორტის მოცულობა კი წინა წელთან შედარებით 8%-ით შემცირდა. შემცირების მიუხედავად, იმპორტის მოცულობა ექსპორტს სამჯერ აღემატება და $2.3 მილიარდს შეადგენს. საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა წელს $1.6 მილიარდი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ წელს საქართველოდან იმპორტის შესყიდვის დაფინანსებისთვის $1.6 მილიარდი გავიდა.
ექსპორტი ქვეყანაში სავალუტო შემოდინების ერთ-ერთი უმთავრესი წყაროა, 2015 წელს კი 26%-ით შემცირება ეროვნული ვალუტის გამყარებისთვის სათანადო საფუძველს არ ქმნის.
იმპორტი საქართველოდან უცხოური ვალუტის გადინების მთავარი წყაროა. ლარის დევალვაციის გამო მოსახლეობა უფრო ნაკლები მოცულობის იმპორტირებულ საქონელს ყიდულობს, რაც ლარის სტაბილურობაზე დადებითად აისახება.
უარყოფითი სავაჭრო ბალანსი ზოგადად ქვეყნებისთვის მნიშვნელოვან პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა საქართველოს ეკონომიკისთვის მისი არსებობა დღეისათვის გარკვეულ რისკს შეიცავს, რადგანაც ფულადი გზავნილების მოცულობისა და ტურიზმიდან შემოსული შემოსავლების შემცირების გამო ქვეყანაში უცხოური ვალუტის მოცულობა მცირდება, რის გამოც ეროვნული ვალუტა უფასურდება.





