სამთავრობო ცვლილებები

კომიტეტის სხდომაზე ზაზა პაპუაშვილმა სერგო რატიანს მიკროფონი გამოურთო

ტაბულა

განათლების,მეცნიერების და კულტურის, სპორტის და ჯანდაცვის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა კამათის ფონზე მიმდინარეობდა. საპარლამენტო უმცირესობის წევრმა სერგო რატიანმა კულტურის და განათლების მინისტრებს რამდენიმე კითხვა დაუსვა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა კი, მას რეგლამენტის დაცვისკენ მოუწოდეს და აღნიშნეს, რომ ოპოზიციას თითოეული მინისტრისთვის კითხვის დასასმელად ორი წუთი ჰქონდა განსაზღვრული. 

სერგო რატიანმა კულტურის მინისტრს მიხეილ გიორგაძეს ჰკითხა, "აცნობიერებთ თუ არა, რამხელა დანაშაული გაქვთ ჩადენილი ქართული კულტურის მიმართ, როდესაც თქვენი პასუხისმგებლობით ააფეთქეს მსოფლიოს ყველაზე ძველი ოქროს მაღარო საყდრისი". მან მინისტრს ჰკითხა, რა პასუხს გასცემს გერმანელ მეცნიერებს, რომლებიც რატიანის თქმით, საყდრისის აფეთქებას მესოპოტამიის ძეგლების განადგურებას ადარებენ. 

ამის გარდა, საპარლამენტო უმცირესობის წევრმა განათლების მინისტრს თამარ სანიკიძეს საგრანტო დაფინანსების წესზე დაუსვა შეკითხვა. მისი თქმით, "სერიოზული ეკონომიკური კრიზისის პირობებში, რატომ არ გადავდივართ აკადემიური სასწავლო პროგრამების დაფინანსების ისეთ წესზე, როცა შევძლებთ 10 000-ის ნაცვლად, დავაფინანსოთ 20 000 ადამიანი?". სერგო რატიანმა სტატუსშეჩერებულ სტუდენტებზეც დასვა კითხვა, რის შემდეგაც, მესამე კითხვის დასმაც დააპირა, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაზა პაპაუშვილმა კიდევ ერთხელ გააპროტესტა ენმ-ის დეპუტატის მიერ 2-წუთიანი დროის გადაცილება, რატიანის მაგიდასთან მივიდა და მიკროფონი გამოურთო.

"სამი კომიტეტის გაერთიანებული სხდომაა და რეგლამენტი დაიცავით. უხერხულია, სხვასაც უნდა კითხვის დასმა" - თქვა პაპუაშვილმა.

ამის შემდეგ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა საკომიტეტო მოსმენა დატოვა და აღნიშნა, რომ "თქვენ განხილვა არ გინდათ, დაგტოვებთ და საკუთარ თავს ელაპარაკეთ". სერგო რატიანის თქმით, მაშინ, როდესაც დეპუტატებს აქვთ უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა, მინისტრებს 15-წუთიანი გამოსვლა არ უნდა ჰქონდეთ და დრო კითხვა-პასუხის რეჟიმს უნდა ეთმობოდეს.

ცნობისთვის, ამავე არგუმენტით დატოვა საპარლამენტო უმცირესობამ როგორც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, საფინანსო-საბიუჯეტო, აგრარულ საკითხთა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების გაერთიანებული სხდომა, ისე იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვის, თავდაცვის და საპროცედურო საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა.

კომენტარები