გიგი უგულავას საქმე

7 ნოემბრის საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს განახლდება

გიგი უგულავა

შეეცვლება თუ არა თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავას 7 ნოემბრის საქმეზე აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობა, დღეს გაირკვევა. სასამართლოში უგულავას, სააკაშვილის, კეზერაშვილის, ადეიშვილისა და მერაბიშვილის წინააღმდეგ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 15:00 საათზე განახლდება.

ადვოკატებმა შუამდგომლობა გიგი უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გაუქმების თაობაზე წინა პროცესზე დააყენეს. ამის შემდეგ მხარეებს პოლემიკა არ ჰქონდათ დასრულებული, თუმცა, მოსამართლე ვახტანგ მრელაშვილმა პროცესი დღეისთვის გადადო.

პროკურატურა ყოფილ მაღალჩინოსნებს 7 ნოემბრის აქციის დარბევას, ტელეკომპანია იმედში შეჭრას და ბადრი პატარკაციშვილის ქონების უკანონოდ ხელში ჩაგდებას ედავება. უგულავას ამ ბრალს მიმდინარე წლის მარტში მთაწმინდის პარკის ქონების გაფლანგვა და ლეგალიზაცია დაემატა. ბრალის დამძიმებიდან მეორე დღესვე, 15 მარტს, გიგი უგულავას აღკვეთის ღონისძიებად კიდევ ერთხელ პატიმრობა შეეფარდა. 2 აპრილს მას სხვა ბრალზე, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაზე, აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობის ვადა ეწურებოდა. 7 ნოემბრის საქმეზე ბრალი დაუმძიმდა კეზერაშვილსაც, სხვა ბრალდებულებსკი ბრალის ფორმულირება დაუზუსტდათ.

კომენტარები