ბუნებრივი აირი

დავალიანების გამო ხვალ ვარკეთილს ბუნებრივი აირი შეიძლება შეუწყდეს

ისანი-სამგორის ბუნებრივი აირის გამანაწილებელ კომპანია ვარკეთილაირს ხვალ შესაძლოა ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდეს, რაც ამ რაიონის მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტას ნიშნავს. ვარკეთილაირს ბუნებრივი აირის მიმწოდებელი კომპანიის ყაზტრანსგაზის დავალიანება აქვს. დავალიანების მოცულობა 164 ათას ლარს შეადგენს. მისი გადაუხდელობის შემთხვევაში ხვალ პირველ საათზე ყაზტრანსგაზი გამანაწილებელ კომპანია ვარკეთილაირს ბუნებრივი აირის მიწოდებას შეუწყვეტს. 

ყაზტრანსგაზ-თბილისის განცხადებაში ნათქვამია, რომ კომპანია დღეისათვის ისედაც მძიმე ფინანსურ ვითარებაში იმყოფება და მას ვარკეთილაირისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტის გარეშე ოპერირების გაგრძელება გაუჭირდება. ყაზტრანსგაზ-თბილისი ბუნებრივ აირს სოკარისგან ყიდულობს, თავად სოკარს ბუნებრივი აირის ღირებულება არ შეუცვლია, თუმცა იმის გამო რომ ეს ტარიფი უცხოურ ვალუტაშია გაფორმებული ლარის დეალვაციამ მისი გაძვირება გამოიწვია. 

მას შემდეგ, რაც ბუნებრივი აირის გამანაწილებელმა კომპანიებმა კომერციულ აბონენტებს ტარიფი გაუზარდეს მთავრობამ ტარიფის სუბსიდირება დაიწყო, რათა ტარიფის ზრდა ბაზარზე არ ასახულიყო, ტარიფის სუბსიდირებას საქართველოს გაზისა და ნავთობის კორპორაცია ახდენს და ის თვეში დაახლოებით 15 მილიონი ლარი ჯდება.

კომენტარები