ინტერპარტიული ჯგუფი

პრეზიდენტი: პლურალისტური პოლიტიკური ველი უნდა შევქმნათ

ტაბულა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საარჩევნო სისტემაზე მომუშავე ინტერპარტიული ჯგუფის წევრებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, საქართველოს პოლიტიკური მდგრადობა იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად პლურალისტური პოლიტიკური გარემო შეიქმნება. გიორგი მარგველაშვილის თქმით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკითხები სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თემაა. შეხვედრაზე მისული არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრები საარჩევნო სისტემის შეცვლას, კერძოდ კი, მაჟორიტარული წესიდან პროპორციულ წესზე გადასვლას უჭერენ მხარს. როგორც მათ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადეს, ამ საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტთან შეთანხმებას მიაღწიეს და გიორგი მარგველაშვილის ორგანიზებით დიდი კონფერენცია გაიმართება, სადაც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელებენ. როგორც არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრები ამბობენ, აუცილებელია, ხელისუფლებამ იჩქაროს, რათა ცვლილებები მომდევნო არჩევნებამდე მოესწროს. საქართველოს პრეზიდენტი იზიარებს პოზიციას მაჟორიტარული სისტემის პროპორციულით შეცვლის შესახებ.

"ეს შეხვედრები უაღრესად მნიშვნელოვანია ჩემთვის, რადგან ჩვენ შეხვედრების რეჟიმში ვსაუბრობთ იმ ამოსავალ პირობებზე, რომელმაც უნდა შექმნას შესაძლებლობა უფრო დემოკრატიული, უფრო პლურალისტური საზოგადოებისა საქართველოში. საქართველოს პოლიტიკური მდგრადობა დამოკიდებულია იმაზე, რამდენად პლურალისტურ პოლიტიკურ ველს შევქმნით. ახლა კიდევ ერთი ნაბიჯი უნდა გადადგას ქართულმა პოლიტიკურმა საზოგადოებამ და შექმნას ისეთი პოლიტიკური სისტემა, როდესაც უკვე მართლა ევროპულ სათამაშო ველს შევქმნით. როდესაც პარლამენტი იქნება დაკომპლექტებული ძლიერი, სტაბილური და არა ერთი და ორი პოლიტიკური ძალის მიერ. შესაბამისად, ჩვენი შეხვედრების ლაიტმოტივი, ბუნებრივია, არის ის ინტერესი, რაც პოლიტიკურ პარტიებს აქვთ ამ მიმართულებით, მაგრამ ჩემთვის ეს არის ასევე სახელმწიფოებრივი მნიშვნელოვანი რანგის თემა, ჩვენი დემოკრატიულობის სტაბილურობის თემა. ამიტომ, მივესალმები ჩვენს შეხვედრებს და იმედი მაქვს,რომ შეხვედრების შემდეგ ჩვენ ნაბიჯებს გადავდგამთ იქითკენ, რომ რეალურად უზრუნველვყოთ საკანონმდებლო ცვლილებები, იმ სისტემების შეცვლა, რომელიც საქართველოში უზრუნველყოფს პლურალისტურ პოლიტიკურ გარემოს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

კომენტარები