პრეზიდენტის რეზიდენცია

კვადრატულ მეტრებში გაზომილი პრეზიდენტის უფლებამოსილება

20 აპრილს, მთავრობის სხდომაზე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა პრემიერმინისტრ ღარიბაშვილს ათონელის რეზიდენციის დასრულების შესახებ აუწყა. დავით შავლიაშვილმა აღნიშნა, რომ რეზიდენცია პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის გადასაცემად მზად იყო და დასძინა, რომ შემდგომი ნაბიჯები იმის მიხედვით გადაიდგმებოდა, თუ რას გადაწყვეტდა მთავრობა.

მთავრობის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებს მალევე მოჰყვა პრეზიდენტის ადმინისტრაციის პასუხი; ადამიანის უფლებათა საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ, მთავრობის მიერ რეზიდენციის თემის წამოწევა, პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაციისკენ მიმართულ კამპანიას დაუკავშირა და აღნიშნა, რომ გაუგებარი იყო საკითხის კვლავ გააქტიურება, როცა მთავრობას ერთი თვით ადრე ათონელის რეზიდენცია საპრივატიზაციო ნუსხაში ჰქონდა შეტანილი.

მოგვიანებით, თემას პრემიერმინისტრიც გამოეხმაურა. ირაკლი ღარიბაშვილმა უარყო გავრცელებული ხმები პრეზიდენტის იძულების წესით გადაყვანის შესახებ და განაცხადა, რომ მთავრობის მხრიდან რეზიდენციის ბედზე მსჯელობის განახლება მხოლოდ და მხოლოდ მშენებლობის დასრულების გამო მოხდა. ღარიბაშვილის თქმით, რეზიდენციის თაობაზე პრეზიდენტის პოზიცია არაერთხელ შეიცვალა და მთავრობის ვალდებულება იყო გაერკვია, თუ რას აპირებდა პრეზიდენტი იმ შენობასთან დაკავშირებით, რომელშიც სახელმწიფომ 28 მილიონი ლარი დახარჯა.

პრემიერმინისტრის გამოხმაურებას მარგველაშვილის საპასუხო განცხადება მოჰყვა. პრეზიდენტის თქმით, რეზიდენციის თემა პოლიტიკურია და არ უკავშირდება კვადრატულ მეტრებს. გიორგი მარგველაშვილმა განმარტა, რომ ავლაბრის რეზიდენცია მისი და ივანიშვილის პიროვნული დაპირისპირების საგანია და ამის მიზეზად, პრეზიდენტის დამოუკიდებელი საქმიანობა დაასახელა. საკუთარი პოზიცია მარგველაშვილმა, ერთი მხრივ, მოქალაქის, ხოლო მეორე მხრივ, პრეზიდენტის ინსტიტუტის ღირსების დაცვის აუცილებლობით ახსნა.

მორიგი კონფლიქტი და ახალი არგუმენტები

ნათელია, რომ ავლაბრის რეზიდენციის საკითხი მთავრობასა და პრეზიდენტს შორის არსებული კონფლიქტის კიდევ ერთი გამოვლინებაა. მხარეთა განცხადებები ცხადყოფს, რომ პოლიტიკური დაპირისპირების ეს შემთხვევა შესაძლოა უფრო გაღრმავდეს და პოლიტიკური სისტემისთვის არასახარბიელო შედეგით დასრულდეს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია მხარეთა პოზიციების სიღრმისეული შეფასება და მათზე დაყრდნობით საუკეთესო გამოსავლის მოძებნა.

პირველი არგუმენტი ათონელის რეზიდენციის ფუნქციურ მხარესა და მისი პრივატიზების შეუძლებლობას ეხება. ამ არგუმენტის თანახმად, შენობა უმაღლესი თანამდებობის პირებისთვის არის განსაზღვრული და ინვესტორები მისი ყიდვით ნაკლებად ინტერესდებიან. როგორც ჩანს, ათონელის რეზიდენციის საპრივატიზაციო ნუსხიდან ამოღება და თემის გააქტიურება სწორედ ამას უკავშირდება.

ერთი შეხედვით, მთავრობის მხრიდან სახელმწიფო სახსრების მიზნობრიობის საკითხის წამოწევა სრულიად ლოგიკურია. თუმცა, პრეზიდენტის ათონელის რეზიდენციაში გადასვლის შემთხვევაში, გაუგებარი რჩება, თუ რა ბედი ეწევა ავლაბრის რეზიდენციას და ისიც, თუ რა გზით მოხდება მასში დახარჯული გაცილებით უფრო დიდი თანხის ანაზღაურება. პრობლემა ხომ აქაც იგივეა: ათონელის მსგავსად ავლაბრის რეზიდენციაც ფუნქციურად უმაღლესი თანამდებობის პირებისთვისაა გათვლილი.

მეორე არგუმენტის თანახმად, საქართველო ეკონომიკურად საკმაოდ გაჭირვებული ქვეყანაა და არ აქვს „ჭარბი“ და ძვირადღირებული საპრეზიდენტო რეზიდენციის ფუფუნების საშუალება. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ხელისუფლებას, რომლის მოსახლეობის ნახევარზე მეტი გაჭირვებულია, არ უნდა ჰქონდეს ძვირადღირებულ სასახლეში ცხოვრების ფუფუნება. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით კი, პრეზიდენტის რეზიდენციას 10 000 კვ/მ უკავია, რაც ადმინისტრაციის საჭიროებების და საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ზედმეტი ფართია.

წინას მსგავსად, მკითხველს შესაძლოა აღნიშნული არგუმენტიც ლოგიკური ეჩვენოს, რომ არა ბუნებრივად წარმოქმნილი რიტორიკული შეკითხვა: ეკონომიკური ზრდის შემთხვევაში, უნდა მოითხოვოს თუ არა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ფართის მომატება? ან პირიქით, ეკონომიკური კლების შემთხვევაში, უნდა მოითხოვოს თუ არა მთავრობამ პრეზიდენტის ადმინისტრაციის სხვა, უფრო მოკრძალებულ შენობაში გადასვლა?

მესამე არგუმენტი ბოლო კონსტიტუტიური ცვლილებების შედეგად პრეზიდენტის უფლებამოსილებების შეზღუდვას ეხება. ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს პოლიტიკური მდივნის, ირაკლი კობახიძის მიხედვით, ავლაბრის რეზიდენცია უფრო ძლიერ პრეზიდენტზეა გათვლილი და მის ამჟამინდელ კონსტიტუციურ უფლებამოსილებებს არ შეესატყვისება. მისი თქმით, როდესაც ავლაბრის რეზიდენცია აშენდა, საქართველოში საპრეზიდენტო სისტემა მოქმედებდა, ხოლო 2013 წლის შემდეგ, პრეზიდენტის ინსტიტუტი საგრძნობლად შესუსტდა. სწორედ ამიტომ, მთავრობას პრეზიდენტის ადმინისტრაციის ათონელის რეზიდენციაში განთავსება მიაჩნია მისაღებად.

მოცემული არგუმენტის შესაფასებლად, წარმოგიდგენთ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის იმ რამდენიმე ქვეყნის საპრეზიდენტო რეზიდენციას, სადაც პრეზიდენტები საქართველოს პრეზიდენტის მსგავსი ან ნაკლები უფლებამოსილებებით სარგებლობენ.

კადრიორგის სასახლე, ტალინი, ესტონეთი

გრასსალკოვიჩის სასახლე, ბრატისლავა, სლოვაკეთი

მარიას სასახლე, კიევი, უკრაინა

საპრეზიდენტო სასახლე, ვილნიუსი, ლიტვა

მიუხედავად, იმისა, რომ აღნიშნული ქვეყნებიც საქართველოს მსგავსად ნახევრადსაპრეზიდენტო მოდელს იყენებენ (სლოვაკეთი, ლიტვა, უკრაინა) ან საპარლამენტო მმართველობის ფორმა აქვთ (ესტონეთი),  გადაჭრით არ შეიძლება ითქვას, რომ ავლაბრის რეზიდენცია მათგან მასშტაბით განსხვავებულია. ასეც რომ იყოს, წარმოდგენილი ფოტომასალის გათვალისწინებით, შეუძლებელია დავასკვნათ, არსებობს თუ არა რაიმე კონკრეტული საზომი კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც შენობებს რეზიდენციებად აქცევენ. აქედან გამომდინარე, საუბარი იმაზე, რომ ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენცია არ შეესაბამება პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებებს, არასწორია და ეწინააღმდეგება საერთაშორისო გამოცდილებას.

დაპირისპირების აღმოფხვრის სამართლებრივი და პოლიტიკური გზები

თუ მთავრობამ რეზიდენციის საკითხის ერთპიროვნულად გადაწყვეტა დააპირა,  მთავრობის მხრიდან ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის გამოცემა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მოუწევს. ეს სამართლებრივი აქტი კი წინააღმდეგობაში მოვა გიორგი მარგველაშვილის 2013 წლის 19 დეკემბრის №963 ბრძანებულებასთან, რომლითაც განსაზღვრულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ადგილსამყოფელი მისამართით: ქ. თბილისი, მ. აბდუშელიშვილის ქ. №1, საფოსტო ინდექსი – 0103.

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, პრეზიდენტის ბრძანებულებას უპირატესი იურიდიული ძალა აქვს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა ნორმატიული აქტების მიმართ. თუმცა, იმის გამო, რომ პრეზიდენტს კონსტიტუციით რეზიდენციის დასახელების უფლებამოსილება არ გააჩნია, მთავრობას შეუძლია საკონსტიტუციო სასამართლოს პრეზიდენტის ბრძანებულების კონსტიტუციასთან შესაბამისობის დადგენის თხოვნით მიმართოს. 

აშკარაა, რომ საკითხის სამართლებრივი გზით მოგვარება კიდევ უფრო მეტად დაძაბავს აღმასრულებელი ხელისუფლების ორ შემადგენელს შორის არსებულ კონფლიქტს და არასახარბიელო შედეგებს მოიტანს როგორც ცალკეული პოლიტიკური ინსტიტუტებისთვის, ისე მთლიანად პოლიტიკური სისტემისთვის. სამართლებრივი დავის მთავრობის სასარგებლოდ გადაწყვეტის შემთხვევაში გაურკვეველი დარჩება ავლაბრის რეზიდენციის ბედი, ხოლო საპირისპირო შემთხვევაში გაურკვეველი დარჩება ათონელის რეზიდენციის მომავალი. ორივე შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღება დროში გაიწელება და ხელს შეუშლის საპრეზიდენტო ინსტიტუტის ნორმალურ ფუნქციონირებას.  

მხარეთა პოზიციების ანალიზი ცხადყოფს, რომ სამართლებრივ და ეკონომიკურ არგუმენტებს პოლიტიკური ელემენტი სჭარბობს. აქედან გამომდინარე, დაპირისპირების საუკეთესო გამოსავალიც პოლიტიკურია. ამ მხრივ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მთავრობისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მუდმივი კომუნიკაცია, როგორც საჯაროდ, ისე დახურულ კარს მიღმა. მხარეებმა უნდა მოახერხონ ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც საუკეთესო გამოყენებას მოუძებნის ათონელის რეზიდენციას და არ დააზარალებს პრეზიდენტის ინსტიტუტს.

კომენტარები