დადა დადიანი

დადა დადიანი

დადა დადიანი – მუსიკოსი, დაიბადა 1966 წელს. რა თქმა უნდა, დაამთავრა რომელიღაც სკოლა, ალბათ სწავლობდა რომელიმე ინსტიტუტშიც, მაგრამ მთავარი მის ცხოვრებაში მაინც... „მუსიკა ჩემს ცხოვრებაში იყო პირველი არჩევანი ადრეული ბავშვობიდანვე. 5-6 წლის ასაკში მქონდა მაგნიტოფონი და ვუსმენდი პოპულარულ მუსიკას. რაც შეეხება შთაგონებას, ალბათ ყველაზე დიდი გავლენა The Beatles-მა იქონია, რომლის ალბომებიც ასევე ადრეული ასაკიდან მქონდა". ის თამამად შეიძლება ჩაითვალოს ახალი ქართული მუსიკის ერთ-ერთ პიონერად. 80-იანი წლების მეორე ნახევარში შექმნა ჯგუფი „ტაქსი", 90-იანების დასაწყისში „საბავშვო მედიცინა". 1993 წლის მიწურულს თბილისი დატოვა, ლონდონში გაემგზავრა და არცერთხელ აღარ დაბრუნებულა. დღესდღეობით ის ქართული წარმოშობის ინგლისელი მუსიკოსია. აი, ასე მარტივად შეგვეძლო მოგვეყოლა დადას ისტორია, მაგრამ ყველაფერი გაცილებით რთულად და დრამატულადაც კი არის. ჯერ ერთი იმიტომ, რომ დადა, ისევე როგორც მისი თაობის ბევრი ღირსეული წარმომადგენელი, იძულებული გახდა წასულიყო აქ არსებული აუტანელი სიტუაციის გამო (აკი ამბობს კიდეც „ერთხელ კინაღამ ზვიადისტებმა მომკლეს, მეორედ კინაღამ მისმა მოწინააღმდეგეებმაო"). მეორეც, ის რომ დარჩენილიყო, თანამედროვე მუსიკის განვითარების ისტორიიდან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან დადას დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ქართული მუსიკის ზოგადი ნიშნული დღეს ალბათ გაცილებით უფრო მაღალი იქნებოდა.

მე კარგად მახსოვს, როგორ ვნახე დადა პირველად. ეს იყო 1985 თუ 1986 წელს, სტუდენტურ ფესტივალზე. უამრავ შემსრულებელს შორის მხოლოდ მისი გამოსვლა დამამახსოვრდა, იმის მიუხედავად, რომ არასდროს მიყვარდა ბობ მარლი, რომლის სიმღერაც Buffalo Soldier იმღერა მან მაშინ. მეორედ დადას მუსიკა უკვე 1988 წელს, უცხო ენათა ინსტიტუტში მოვისმინე. ის სცენაზე ამჯერად უკვე ჯგუფ „ტაქსისთან" ერთად წარდგა. კონცერტის ჰედლაინერად ქიშო გლუნჩაძე ითვლებოდა, თუმცა „ტაქსის" გამოსვლა საუკეთესო იყო საუნდის თუ მუსიკალური თემატიკის თვალსაზრისით. ჯგუფი ნიუ ვეივს უკრავდა, თანაც ქართულ ენაზე. ჩემთვის ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ვუსმენდი ქართულ როკჯგუფს, რომელიც არამეინსთრიმულ (დასავლური სტანდარტებითაც კი) მუსიკას ასრულებდა. შემდეგი შეხვედრა „ტაქსისთან" 1989 წლის ზაფხულში, ფილარმონიაში შედგა. ეს იყო ალბათ ყველაზე კარგი კონცერტი, რაც მე საქართველოში მინახავს. დადას მუსიკა დიდად არ შეცვლილა, სამაგიეროდ განწყობა იყო სხვა, უფრო დეპრესიული და პირქუში. მის გამოსვლაში თითქმის სრულიად გამქრალიყო ის ენთუზიაზმი, რაც ასე უხვად იგრძნობოდა სულ რაღაც ორი-სამი წლის წინ.

იმ პერიოდის ქართველ როკმუსიკოსებზე საუბრისას აუცილებელია გავითვალისწინოთ გარემო, რომელშიც მათ ცხოვრება და მუშაობა მოუხდათ. 80-იანების მეორე ნახევრიდან, ე.წ. პერესტროიკის დაწყების შემდეგ, საბჭოთა სისტემის რღვევისა და მისთვის დამახასიათებელი ცენზურის მოშლის შედეგად, ხელოვნების სფეროში მოღვაწე ადამიანებს თავისუფალი თვითგამოხატვის საშუალება მიეცათ. მაგრამ მოხდა მოულოდნელი რამ – ჩვენთან კომუნისტურ-კომკავშირული იდეოლოგიური წნეხი ფსევდოეროვნულმა ჩაანაცვლა. ამ ახალ დაბრკოლებასთან გამკლავება საკმაოდ რთული აღმოჩნდა. თუ ადრე, სისტემის მიერ თავს მოხვეულ ფასეულობებთან დაპირისპირებისას, საზოგადოების გარკვეული სიმპათია მეამბოხე ხელოვანთა მხარეს იყო, ახალ, „ეროვნულ“ იდეოლოგიასთან ნებისმიერი შეჯახება ამ უკანასკნელთა სრულ მარგინალიზაციას იწვევდა. ყველაზე მეტი სწორედ ახალი თაობის როკმუსიკოსებს მოხვდათ. მათი გარეგნობაც კი როგორც პროვოკაცია ისე აღიქმებოდა და დიდ გაღიზიანებას იწვევდა ფსევდოეროვნულ ბრბოში. სამწუხაროა, მაგრამ, თუ რუსეთში იმ ეპოქის გმირები ბორის გრებენშიკოვი, ვიქტორ ცოი და იური შევჩუკი გახდნენ, რომელთა დახმარებითაც ახალმა თაობამ ფასეულობების გადაფასება დაიწყო, ჩვენში გმირის აბსტრაქტულ კრებით სახეს ერთი მხრივ შავებში გამოწყობილი, გაუპარსავი, სასოწარკვეთილ-აგრესიული გამომეტყველების მქონე, ჩილელი კომუნისტივით მუშტშემართული „პატრიოტი“ წარმოადგენდა, მეორე მხრივ კი, თბილისელი „კაი ბიჭი“, რომელმაც ქიციც იცის, ქიცმაცურიც, ქუჩაც, „ნათლიმამა“ და ენიო მორიკონე ევასება, ცოტა წამალსაც იკეთებს და მზად არის, თუ სამშობლოს გაუჭირდება, „მხედრიონშიც“ ჩაეწეროს – იარაღს თუ მისცემენ, რასაკვირველია. სწორედ ასეთი „გმირების“ გაპიარება გახდა ჩვენი იმდროინდელი კინემატოგრაფის მთავარი ფუნქცია. თუმცა, კინოსგან განსხვავებით, ქართულმა ალტერნატიულმა მუსიკამ ამ „გმირებს“ უშეღავათო ბრძოლა გამოუცხადა.

სწორედ ასეთი სტერეოტიპული პერსონაჟები გვხვდება „ტაქსის“ სადებიუტო და, როგორც აღმოჩნდა, ერთადერთ ალბომში, რომელიც 1988 წლითაა დათარიღებული. ეს არის პირველი კონცეპტუალური ნამუშევარი თანამედროვე ქართულ მუსიკაში. თემები სიმღერიდან სიმღერაში გადადის. ავტორი (დადა) მიმართავს გოგონას (შესაძლოა კონკრეტულსაც კი), სიყვარულს უხსნის მას, ჭკუას არიგებს, აფრთხილებს, ეჩხუბება, დასცინის და ემუქრება კიდეც. ამ ცალმხრივი დიალოგის ფონზე ჩვენ გვექმნება წარმოდგენა იმაზე, თუ როგორი გარემოა გარშემო – აუტანელი, აგრესიული და კაცთმოძულე. „მე ვეღარ ვუყურებ ავადმყოფების ქალაქს, ჭუჭყიან ქალაქს. აქ ქალები ხმარობენ ძალას. აქ კაცები ქალებს არჩევენ არაყს და ქალებზე კამათს“. ეს კარგად იცის ავტორმა – „მე ვიცი, მე ვიყავი გარეთ, მე ვიცნობ ქუჩას, თითოეულ ქუჩაში გამვლელს თვალებში ზიზღი უჩანს“, მაგრამ არ იცის გოგონამ, რასაც შეიძლება ემსხვერპლოს კიდეც. ამ ალბომში აშკარად გამოჩნდა დადა დადიანის ლტოლვა, მაქსიმალურად ეფექტური სახე მიეცა საკუთარი კომპოზიციებისთვის და გაეთვალისწინებინა ის უახლესი მუსიკალური ტენდენციები, რომლებიც მაშინ დასავლეთში დომინირებდა. შესაძლოა, დღევანდელი გადმოსახედიდან, იმ პირდაპირი, სწორხაზოვანი და აპათიური ვოკალის ნაცვლად, რომელიც სიმღერებში ისმის, ალბომის მუსიკალურ ფაქტურას ოდნავ მანერული, ირონიული ან თუნდაც ცინიკური შესრულება უფრო მოხდენოდა, მაგრამ ეს იყო 1988 წელი, ცვლილებების მოლოდინის და იმავდროულად პირველი იმედგაცრუების პერიოდი, რომელიც არ შეიძლებოდა არ ასახულიყო დადას შესრულების მანერაზე. უნდა ითქვას. რომ „ტაქსის“ (ისევე როგორც სხვა მაშინდელი ქართული ალტერნატიული ჯგუფების) შემოქმედება როგორც ჟღერადობის, ისე ლირიკის თვალსაზრისით, საკმაოდ რთული აღსაქმელი იყო საესტრადო მუსიკას შეჩვეული მსმენელისთვის. ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ არც ალბომს და არც კონცერტებს დიდი აჟიოტაჟი არ მოჰყოლია. 1992 წლის 12 ივლისს ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში, ჯგუფის უკანასკნელი გამოსვლა შედგა. „მოგესალმებათ ჯგუფი „ტაქსი“, რომელიც ფაქტიურად აღარ არსებობს, მაგრამ თქვენი გულისთვის დღეს ისევ შეიკრიბა“, ასე მიესალმა დადა უჩვეულო სახელწოდების მქონე როკაქციაზე „როკი ფონოგრამისა და შიდსის წინააღმდეგ“ შეკრებილ აუდიტორიას. მანამდე კი სიმღერა „ზამთარი“ შეასრულა, დღესაც კი აქტუალური მოწოდების შემცველი ტექსტით – „მე მინდა ერს, რომელიც ლპება, ჰქონდეს გონება“. დადასთან ერთად სცენაზე ირაკლი ჩარკვიანი (კლავიში), კახა კიკაბიძე (გიტარა) და ბიჭიკო ოსიპოვი (დასარტყამი ინსტრუმენტები) იდგნენ. ქუთაისის ტელევიზიის გადაცემა „კედელის“ მიერ ამ კონცერტზე გადაღებული ვიდეოს ნახვა YouTube-ზეა შესაძლებელი.

უცნაურია, მაგრამ სამოქალაქო ომის წლები, როდესაც არც დენი იყო, არც გაზი, ადამიანები პურის რიგებში ათენებდნენ, ქალაქში კი კბილებამდე შეიარაღებული ხალხი დასეირნობდა, კულმინაციას მიაღწია ძალადობამ და კორუფციამ, თანამედროვე ქართული კულტურისთვის ნამდვილ „ოქროს ხანად“ იქცა. სწორედ მაშინ გამოჩნდა ასპარეზზე რეაქტიული კლუბი, არტ-ჯგუფ მე-10 სართულში გაერთიანებულმა მხატვრებმა საკუთარ აქციებს და პერფორმანსებს ინტენსიური სახე მისცეს, ერთიმეორის მიყოლებით იქმნებოდა მუსიკალური ჯგუფები. გადამწყვეტი ამ თვალსაზრისით ტელეკომპანია მე-2 არხის გახსნა გახდა, რომელიც ხელოვნების სფეროში მიმდინარე პროცესებს ფართო საზოგადოებას აცნობდა და ქართველი მუსიკოსების პოპულარიზაციას ეწეოდა. ეთერში ერთმანეთს ენაცვლებოდა გადაცემები „ოქროს ბიბილო“, „პირველი დუბლი“, „როკ სითი“ და, რა თქმა უნდა, „Show­biz დაიჯესტი“ რუბრიკა „ცოცხალით“, სადაც მაყურებელს ტელევიზიის სტუდიაში გადაღებული ლაივების ნახვა შეეძლო. ეს ყველაფერი სულ ორი თუ სამი წელი გაგრძელდა, მაგრამ იმ დროიდან გამოყოლილი მუხტი ჯერ კიდევ იგრძნობა. წარმოიდგინეთ, რა რეალობა იქნებოდა დღეს, მე-2 არხს მეტი დრო რომ ეარსება.

ტაქსი. 1988 წელი. ბიჭიკო ოსიპოვი, ირინა ხორავა, კახა კიკაბიძე, დადა დადიანი

რა თქმა უნდა, დადა დადიანი მთელ ამ პროცესებში უმნიშვნელოვანესი ფიგურა გახდა. იმ დროს დედამისმა ლონდონიდან Kawai-ს ფირმის დრამ მანქანა ჩამოუტანა, რამაც, შეიძლება ითქვას, საბოლოოდ ჩამოაყალიბა მისი მუსიკალური ორიენტაცია. 1992 წელს დადა ქმნის ახალ პროექტს Children’s Medicine, რომელშიც მის და ზემოთ ნახსენები დრამ მანქანის გარდა, ირაკლი ჩარკვიანი (კლავიშები, ბექ ვოკალი) და „რეცეპტის“ ბასისტი კახა გუგუშვილი, იგივე ჯოზეფა გაერთიანდნენ. ისინი „ავადმყოფების ქალაქს“ არაგვისპირში, დადას აგარაკზე განერიდნენ და ინგლისურენოვანი ალბომის ჩაწერა დაიწყეს. მუშაობის პროცესში მუსიკოსებს კონტაქტი მხოლოდ უახლოეს ადამიანებთან ჰქონდათ. „ტაქსისგან“ განსხვავებით, ეს იყო ლოკალურ სივრცესთან და მასში არსებულ პრობლემებთან პრინციპული დისტანცირების მცდელობა. შედეგად რეალობისგან გამიჯნული, ჰედონისტური ნამუშევარი მივიღეთ, რომელმაც თანამედროვე მუსიკით დაინტერესებულ პირთა წრეში სერიოზული რეზონანსი გამოიწვია. ეს იყო პირველი ხარისხიანი მუსიკალური პროდუქტი, რომელიც ყოველგვარი ოფიციალური სტრუქტურებისგან დამოუკიდებლად შეიქმნა, სახლის სტუდიაში და ამავე დროს ჩაწერილია მთლიანად ცოცხალი შესრულებით. საკმაოდ კარგი ტექნიკური მხარის გარდა, ალბომი ძალზედ აქტუალური იყო ჟღერადობის თვალსაზრისითაც. „საბავშვო მედიცინა“ მსმენელებს 80-იანი წლების მიწურულისა და 90-იანების დასაწყისის ელექტროპოპის და ინდი პოპის ნაზავს სთავაზობდა, რაც იმ დროს ძალზედ მოდური იყო ბრიტანეთში (განსაკუთრებით მანჩესტერში). დადებითი მხარეების გარდა, ალბომს ერთი მნიშვნელოვანი ნაკლიც ჰქონდა. დადამ, როგორც პროდიუსერმა, აშკარად დაჩრდილა დადა კომპოზიტორი. შესაძლოა ეს მისი ჩანაფიქრიც იყო, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, ეს ნამუშევარი დღეს მთლიანობაში ისე აღარ ისმინება, როგორც ორი ათეული წლის წინ, რადგან ჟღერადობა უკვე მოძველდა, წმინდა მუსიკალური ხერხემალი კი ისეთი მყარი არ აღმოჩნდა, რომ დროისთვის გაეძლო. ამ თვალსაზრისით ის ნამდვილად ჩამორჩება „ტაქსის“ 1988 წლის ალბომს. თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, მასში არის ორი შესანიშნავი ტრეკი, რომელიც დანარჩენ კომპოზიციებს აშკარად გადაწონის. პირველი – I Need Your Love, რომელშიც ძალიან ლამაზი მელოდიური ფრაზა დომინირებს, საკმაოდ მახვილგონივრულად რომ ვითარდება, დღემდე რომ ვერ მოისმენ ქართულ მუსიკაში – თან ირონიულიც რომ არის და შენიღბულად რომანტიკულიც – კატეგორიები, რომლებიც დადას ნამუშევრებში ადრე არ გვხვდებოდა. რაც შეეხება მეორე სიმღერას – „შედიხარ ტყეში“ ქართული პოპმუსიკის ნამდვილი შედევრია. დენადი, მინიმალისტური მუსიკა. რიტმში ჩაქსოვილი ბასის, გიტარის და დრამის მარტივი, მოქნილი პარტიები. ზოგან მოულოდნელად საყვირიც კი შემოდის, მოკრძალებულად, მაგრამ ეფექტურად. ნოვატორულია ვოკალური ექსპერიმენტიც – ტექსტი ინგლისურ-ქართულია, ინტონაციურად იმდენად ორგანულად შერწყმული, რომ არანაირ დისკომფოტს არ ქმნის. ამდაგვარი ფრაზირება ეტალონადაც კი შეიძლება ჩაითვალოს მათთვის, ვინც ენობრივი პრობლემებით იტანჯება. ეს კომპოზიცია დღესაც საინტერესოდ ჟღერს და ალბათ დიდი ხანი იქნება ასე.

ეიფორია, რომელიც 80-იანი წლების დასასრულიდან დაიწყო, ნელ-ნელა განელდა. ეს არც შეიძლება სხვანაირად მომხდარიყო, რადგან ამ ქალაქში, ლადო ბურდულის სიმღერის ტექსტის პერიფრაზირება რომ მოვახდინოთ, ჯერ კიდევ მეფობდნენ მგლები. ხალხმაც ნელ-ნელა გადინება დაიწყო. 1993 წლის 21 დეკემბერი ბოლო დღე აღმოჩნდა დადასთვის თბილისში. ის ინგლისში გაემგზავრა და, როგორც უკვე ვთქვით, აღარ დაბრუნებულა. მაგრამ წასვლამდე სერგი გვარჯალაძესთან, ბიბი კვაჭაძესთან, გოგი ჭილაშვილთან, ჯოზეფასთან და ხათუნა მანაგაძესთან ერთად, დადამ ჩაწერა ალბათ თავისი საუკეთესო პროექტი Georgian Dance Empire, რომელშიც ერთმანეთს ჰარმონიულად შეერწყა მისი დაინტერესება ქართული ფოლკლორით, ბრიტანული ელექტრონული მუსიკით და ამერიკული ჰიპ ჰოპით. ამ პროექტით მან თითქმის მიაღწია იმ ბალანსს, რომლისკენაც ჯერ „ტაქსიში“, შემდეგ კი „საბავშვო მედიცინაში“ მიისწრაფოდა. ნიუ ვეივი, ინდი პოპი, ელექტროპოპი, ჰიპ ჰოპი – ყველა ეს სტილი მთელი სიგრძე სიგანით იკვეთება დადას სამ ალბომში, თუმცა ანგლო-ამერიკული მუსიკის უახლესი ტენდენციები მასთან ყოველთვის ქართულ ფესვებს ეფუძნება. სწორედ ამიტომ, იმის მიუხედავად, რომ „ტაქსის“ გარდა, მის სხვა ჯგუფებში ლირიკა უმთავრესად ინგლისურენოვანი იყო, არცერთი მათგანი დასავლური მუსიკის სუროგატად არ აღიქმება. დადა ყოველთვის ცდილობდა შეექმნა ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისით ორიგინალური და, რაც მთავარია, აქტუალური ქართული მუსიკა. სწორედ ასეთი სტანდარტებისკენ უნდა აიღონ გეზი ახალგაზრდა შემსრულებლებმა, რაც გამოიწვევს კიდეც ჩვენში ახალი მუსიკის განვითარებას, თორემ დამერწმუნეთ, ინგლისური მუსიკა ლონდონში ყოველთვის უფრო კარგი გაკეთდება, ვიდრე თბილისში ან ქუთაისში. 

დადა დადიანი

საწყენი იცით რა არის? დადამ თავის დროზე ისეთი ნიადაგი მოამზადა და ისეთი ტენდენციები დაამკვიდრა ქართულ მუსიკაში, რომ ამ ტენდენციების გაღრმავების და განვითარების შემთხვევაში, ჩვენი თანამედროვე პოპმუსიკა დღეს სულ სხვა სიმაღლეზე იქნებოდა. ის, რომ მისი ქართული პერიოდის შემოქმედება დღესაც კი ალტერნატივად აღიქმება, იმ ჩავარდნაზე მიუთითებს, რომელიც ამ სფეროში უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში გვაქვს.

რაც შეეხება თავად დადას და მის ლონდონურ მოღვაწეობას, ის წასვლას არ ნანობს. „მე ვფიქრობ, რომ საქართველოში ჩემი ფუნქცია შევასრულე და უკვე სიახლის და ცვლილებების დრო იყო. თანაც ლონდონი და საერთოდ ინგლისური კულტურა ყოველთვის ძალიან ახლოს იყო ჩემთან. მუსიკასთან დაკავშირებული ამბიციები იგივე მაქვს, რაც ადრე – ადამიანებისთვის ახალი ემოციების გაზიარება, ძველი სტერეოტიპების დანგრევა და ახალი პერსპექტივების შექმნა. ლონდონი უამრავი სხვადასხვა კულტურის ეპიცენტრია, ცოდნის ნაკადი უსაშველოდ დიდია და არასდროს არ წყდება. ეს ბევრი სხვადასხვაგვარი ენერგიის გადაკვეთის ადგილია, მე ვიღებ ამ სასწაულ ენერგიას და ვდებ მუსიკაში, ურთიერთობაში და ყველაფერ იმაში, რასაც ვაკეთებ. თბილისი ყოველთვის მახსოვს. ურთიერთობა მაქვს ახალგაზრდებთან, რომლებსაც ჩემი მუსიკა მოუსმენიათ და მოსწონთ. მომენატრა ქართულად სიმღერა და ვფიქრობ დროა გავაკეთო ალბომი ქართულ და ინგლისურ ენაზე მათთვის და საქართველოსთვის. ალბათ მომავალ ზაფხულს მზად მექნება, თუ არ ვიზარმაცე“.