ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი ცოლის სალომე ჯორბენაძის მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელს სერგი საცერაძეს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ბრალდებულმა სასამართლო დარბაზში სიტყვით გამოსვლისას გარდაცვლილის ოჯახს, საზოგადოებას და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუბოდიშა და განაცხადა, რომ ჩადენილ დანაშაულს ნანობს. სერგი საცერაძის თქმით, მკვლელობის მომენტში აფექტურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
სააგენტო ინტერპრესნიუსის ცნობით, სასჯელით უკმაყოფილო არიან მოკლულის ოჯახის წევრები. სალომე ჯორბენაძის დედის განცხადებით, ის სასჯელის უმკაცრესი ზომის გამოყენებას ითხოვდა.
2014 წლის 25 ივლისს, ზესტაფონში, პოლიციის თანამშრომელმა სერგი საცერაძემ ყოფილი მეუღლე ხუთი გასროლით მოკლა.
სალომე ჯორბენაძის მკვლელობის საქმე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოშია გაგზავნილი. საიას საჩივარი ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება), მე-3 (წამების აკრძალვა), მე-8 (პირადი ცხოვრების დაცულობა) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლებს ეფუძნება.