რუსთავის მეტალურგიული ქარხანა

გვენეტაძე რუსთავის ფოლადზე ყადაღის მოხსნას სასამართლოზე ზეწოლას არ უკავშირებს

ნინო გვენეტაძე
ტაბულა

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას რუსთავის ფოლადისთვის ყადაღის მოხსნასთან დაკავშირებით პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას არ უკავშირებს. როგორც ცნობილია, სასამართლო სხდომამდე ღარიბაშვილმა ყადაღის დადების ფაქტს აბსოლუტურად გაუმართლებელი, უგუნური, დივერსიული უწოდა და თქვა, რომ მოსამართლე უნდა წარდგეს საზოგადოების წინაშე განმარტებებისთვის. გვენეტაძე თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება ყოველგვარი ზეწოლის გარეშე მიიღო.

"სასამართლო კორპუსი მუშაობს აბსოლუტურად მშვიდ გარემოში ყოველგვარი გართულებისა და ზეწოლის გარეშე, ასე რომ, მე ამ განცხადებას ვერ დავეთანხმები. გამორიცხულია, ჩვენ ამაზე გვქონდა კორპუსში მსჯელობა, მე იმ დღესვე შევხვდი სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებს, იყო ამ საკითხებზე კითხვები, მე მათ დამაჯერებელი პასუხი მივეცი. ასევე შეხვედრის დასაწყისსა და დასასრულს მე მათ მოვუწოდე სიმშვიდისკენ და სტაბილურობისკენ, რომ სამართალწარმოების პროცესს საფრთხე არ ემუქრება", - თქვა გვენეტაძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ რუსთავის ფოლადის სასარგებლოდ გადაწყვეტილება გამოიტანა, მაშინ როდესაც თბილისის საქალაქო სასამართლომ მიმდინარე წლის 24 თებერვალს რუსთავის მეტალურგიული ქარხანა გააჩერა. კომპანიის წინააღმდეგ საჩივარი ქართული ფოლადის კრედიტორმა ეთერ მთვრალაშვილმა შეიტანა, რომელსაც რუსთავის ფოლადისგან 4 553 ლარი და 48 თეთრი ჰქონდა მისაღები. მოსამართლემ კომპანიის უძრავ-მოძრავი ქონების გამოყენება აკრძალა.

აღსანიშნავია, რომ რუსთავის ფოლადმა სასამართლოში დააყენა შუამდგომლობა, რომელიც ითვალისწინებდა მოთხოვნილი საკრედიტო ვალდებულებების მოცულობის თანხის სასამართლოს ანგარიშზე დეპონირებას ქარხნის მუშაობისთვის აუცილებელ აქტივებზე შეზღუდვების სანაცვლოდ. საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა ეს შუამდგომლობა არ გაითვალისწინა. რუსთავის ფოლადმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

დღესვე სააპელაციო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილების მოტივი ახსნა. სასამართლოს ინფორმაციით, საქმის განხილვისას აპელანტმა მხარემ წარმოადგინა ახალი მტკიცებულება და მიუთითა ახალ ფაქტობრივ გარემოებაზე, რამაც განსაზღვრა საქმის საბოლოო შედეგი. 

ქართული ფოლადის დირექტორი ნათია ჯაყელი პრემიერმინისტრის განცხადებას სასამართლოზე ზეწოლას უწოდებს. "პრემიერის მსგავსი განცხადებები არის პირდაპირი ზეწოლა სასამართლოზე და ამ ზეწოლამ თავის შედეგი გამოიღო. როდესაც ერთი მხარის ინფორმაციის ტირაჟირებას ახდენ, ეს უკვე სუბიექტური დამოკიდებულებაა და როდესაც მაღალი რანგის ფიგურა ხარ, ზეგავლენაა სასამართლოზე",-თქვა ჯაყელმა.

როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, მოსამართლის გადაწყვეტილებას 3 აპრილს პრემიერმინისტრმა აბსოლუტურად გაუმართლებელი, უგუნური, დივერსიული უწოდა და თქვა, რომ ის უნდა წარდგეს საზოგადოების წინაშე განმარტებებისთვის. ირაკლი ღარიბაშვილი მაშინ იმედოვნებდა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე რუსთავის მეტალურგიული ქარხნის დაყადაღებაზე მოსამართლის გადაწყვეტილებით დაინტერესდებოდა.

"აღმაშფოთებელია, რომ რუსთავის მეტალურგიული ქარხანა არის დაყადაღებული. 4500 ლარის დავალიანების გამო 120 მილიონი დოლარის საწარმო არის დაყადაღებული. ეს არის კატასტროფა, ეს არის პირდაპირ დივერსია. ამ საწარმოში არის დასაქმებული 2500 ადგილობრივი მოსახლე. მინდა მივმართო იმ ადამიანს, ვინც ეს აბსოლუტურად გაუმართლებელი, დივერსიული გადაწყვეტილება მიიღო. მას მოუწევს, პასუხი აგოს 2 500 ოჯახის წინაშე და იმედი მაქვს, რომ სასამართლოს ახალი თავმჯდომარე დაინტერესდება ამ საქმით. მოსამართლე, რომელმაც მიიღო ეს გადაწყვეტილება, აუცილებლად უნდა წარსდგეს საზოგადოების წინაშე და განმარტოს, რატომ იღებს ასეთ დივერსიულ გადაწყვეტილებებს. თუ არსებობს კანონდარღვევა, გთხოვთ გამოიძიოთ. არსებობს შესაბამისი ორგანოები, მათ შეუძლიათ გაარკვიონ, მაგრამ არა ისე, რომ 4 500 ლარის დავალიანების გამო მთელი ქარხანა გააჩერო", - განაცხადა პრემიერმა.

4 აპრილს 14-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ პრემიერმინისტრის განცხადებას სახიფათო პრეცედენტი უწოდა. "მთავრობის მეთაურისა და მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან მოსამართლეების მიმართ განხორციელებული შეტევა, პირდაპირი ან არაპირდაპირი მითითება გადაწყვეტილების არასასურველი შინაარსის შესახებ და სხვაგვარი გავლენა ინდივიდუალურ საქმეებში მართლმსაჯულების განხორციელებაზე, წარმოადგენს სახიფათო პრეცედენტს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისთვის.

მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს. მოსამართლეზე რაიმე ზემოქმედება ან მის საქმიანობაში ჩარევა, გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიზნით, აკრძალულია და ისჯება კანონით. არავის, მათ შორის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, არა აქვს უფლება მოსთხოვოს მოსამართლეს ანგარიში კონკრეტულ საქმეზე. ეს წარმოადგენს კონსტიტუციურ გარანტიას, რომლის გარეშეც სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა ვერ იარსებებს", - ნათქვამი იყო განცხადებაში.

კომენტარები