გიგი უგულავასთვის წინასწარი პატიმრობის გახანგრძლივება კანონმდებლობაში არსებული პრობლემების ბრალია, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა განაცხადა.
ნანუაშვილის თქმით, კანონმდებლობა საშუალებას იძლევა, წინასწარი პატიმრობის ვადა ხელოვნურად, უსასრულოდ გახანგრძლივდეს.
„პრობლემა კანონმდებლობაშია, კანონმდებლობაში არ უნდა იყოს ხარვეზები, რომლებიც შესაძლებელს გახდის, თუნდაც ასე, რამდენიმე წლის განმავლობაში სხვადასხვა საქმეზე კონკრეტულად ბრალის წაყენების გარეშე პატიმრობა ხელოვნურად გახანგრძლივდეს. ამას კანონმდებლობის გადახედვა სჭირდება“, - განაცხადა ნანუაშვილმა.
თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავას წინასწარი პატიმრობის ცხრათვიანი ვადა გუშინ ამოეწურა და რადგან საქმეზე განაჩენი ჯერ არ დამდგარა, ის უნდა გათავისუფლებულიყო. თუმცა, 14 მარტს, პროკურატურამ უგულავას ბრალი დაუმძიმა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მონოპოლიზაციას, არკადი პატარკაციშვილის კუთვნილი ტელე და რადიო კომპანია იმედის, ასევე, მთაწმინდის პარკის უკანონო დაუფლებას ედავება. თბილისის საქალაქო სასამართლომ უგულავას აღკვეთის ღონისძიებად კვლავ პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატ ბექა ბასილაიას განცხადებით, დღეიდან გიგი უგულავა უკანონო პატიმარია. დაცვის მხარე საქალაქო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით მიმართავს.
ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, გიგი უგულავას პატიმრობაში ყოფნა ხელისუფლების თვითმიზანია და მისთვის პატიმრობის შეფარდების უკან პოლიტიკური მოტივია. ევროპარლამენტარების შეფასებით კი, გიგი უგულავა შერჩევითი სამართლის მსხვერპლია.





