თბილისის მთავრობის სხდომაზე საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატების ირაკლი აბესაძისა და თემურ გრიგოლაშვილის არდაშვებას ხელი მერიის დაცვის სამსახურის უფროსმა ნიკოლოზ ბასილაიამ შეუშალა. ამის შესახებ ენმ განცხადებას ავრცელებს. ფრაქციის განცხადებით, ის კონკურსში ჩაჭრილი კადრია და თან დავით ნარმანიას ბიძაშვილის ნათია ნარმანიას მეუღლეა.
"საკრებულოს წევრების საქმიანობისთვის უხეშად ხელის შეშლას ხელმძღვანელობდა ნიკოლოზ ბასილაია. ეს ადამიანი დავით ნარმანიას მერად გახდომის შემდგომ დაინიშნა უსაფრთხოების სამსახურის თბილისის მერიის ადმინისტრაციული შენობის დაცვის განყოფილების უფროსად. ჩატარებულ კონკურსში მან შესაძლებელი 60 ქულიდან 31 ქულა მიიღო, თუმცა თანამდებობას თბილისის მერიაში მაინც ინარჩუნებს, განსახვავებით იმ კვალიფიციური ადამიანებისგან, ვინც ტესტირების ეტაპი წარმატებით გადალახა, თუმცა ნარმანიამ ისინი მაინც გაყარა სამსახურებიდან.
რატომ აგრძელებს არაკომპეტენტური ნიკოლოზ ბასილაია მერიაში მუშაობას?! პასუხი მარტივია: ის დავით ნარმანიას ბიძაშვილის ნათია ნარმანიას მეუღლეა.
სამწუხაროა, რომ თბილისის მერია ნარმანიას და "ქართული ოცნების" პარტიული აქტივისტების არაკვალიფიციური ახლო ნათესავების დასაქმების ბიუროა, რაც საბოლოო ჯამში თბილისელებისთვის შექმნილ უამრავ პრობლემაზე აისახება", - წერია ენმ-ის განცხადებაში.
დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას განცხადებით კი, საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მთავრობის სხდომაზე არდაშვება, მისი ძალიან პრინციპული გადაწყვეტილება იყო.





