აწარმოე საქართველოში

კვირიკაშვილი: ლარად გადაცემულ მიწაზე 45 მილიონის ინვესტიცია განხორციელდება

ტაბულა

ვიცეპრემიერი, საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილმა უჩა მამაცაშვილმა სიმბოლურ ფასად - ლარად უძრავი ქონება მართლაც მიიღო. თუმცა, მისი თქმით, გადაცემულ მიწაზე 45 მილიონ დოლარამდე ინვესტიციას განახორციელებენ.

"ძალიან მაკვირვებს ის ორმაგი სტანდარტი, რომლის მომსწრეც ყველანი გავხდით. ჯერ ერთი, პირდაპირი მიყიდვების პრაქტიკა და სიმბოლურ ფასად ქონების გადაცემა დაიწყო წინა ხელისუფლების დროს. შემიძლია, წარმოგიდგინოთ კომპანიების დიდი სია, რომლებსაც ქონება პირდაპირი შესყიდვით გადაეცათ, მაგრამ რაც უფრო მნიშვნელოვანია, ჩვენ მომსწრე ვართ რამდენიმე თვის განმავლობაში კამპანიისა და სპეკულაციებისა, თუ რატომ არ დებს ბიძინა ივანიშვილი უცხოური ვალუტით ინვესტიციებს, რომ გამყარდეს ეროვნული ვალუტა და ა.შ. ჩვენ მიერ გადაცემულ მიწაზე 45 მილიონ დოლარამდე ინვესტიციის განხორციელებაა დაგეგმილი, 100-ზე მეტი ადამიანი უკვე დასაქმებულია და 10 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელებულია. საჯაროდ ვაცხადებ, თუ ვინმე არა ამ პირობებით, არამედ ამის ნახევარი პირობებით განახორციელებს სასათბურე მეურნეობებში, სოფლის მეურნეობაში ინვესტიციებს, მთავრობა მზად არის, არა მხოლოდ სიმბოლურ ფასად გადასცეს ქონება, არამედ მიუყვანოს ინფრასტრუქტურა - გაზი, ელექტროენერგია, წყალი და გზა, რომელიც, სხვათა შორის, ჩვენ ამ შემთხვევაში არ გაგვიკეთებია. ეს არის მთავრობის პოლიტიკა და ამ პოლიტიკას ჩვენ ნებისმიერი ინვესტორის მისამართით ვახორციელებთ. რაც შეეხება კომპანიას, რომელიც ნახსენები იყო. აქაც იყო არასწორი ინფორმაცია. ეს არის შვილობილი ორგანიზაცია თანაინვესტირების ფონდის, თანაინვესტირების ფონდში, კერძოდ ამ პროექტში კი, მფლობელები არიან როგორც ქართული, ასევე ფრანგული კომპანიები. ასე რომ, ეს არის ფაქტების სრული დამახინჯება. ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური სპეკულაცია", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, ქართულმა ოცნებამ პროგრამები - "აწარმოე საქართველოში" და თანაინვესტირების ფონდი თავისი წევრების და ლიდერების გამდიდრებისთვის გამოიყენა. პარტიის წევრის გიორგი ვაშაძის თქმით, პროექტის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ქალაქ გარდაბანში მდებარე ნაკვეთი ლარად გადასცეს "საქართველოს სათბურის კორპორაციას", რომლის 100%-იანი წილის მფლობელი შპს "ჯი სი ეფ პარტნიორებია" - ეს უკანასკნელი კი თავის მხრივ ბიძინა ივანიშვილის დისშვილ უჩა მამაცაშვილსა და თანაინვესტორების ფონდის გენერალურ დირექტორ გიორგი ბაჩიაშვილს ეკუთვნით. ვაშაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა პროექტის "აწარმოე საქართველოში" გამოყენებით ერთ ლარად "ჩაიგდო ხელში" ორმილიონ-ნახევრის ღირებულების უძრავი ქონება.

"ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილის მთავრობამ დიდი ზარზეიმით ამცნო საქართველოს თავისი ახალი ინიციატივების "აწარმოე საქართველოში" და თანაინვესტირების ფონდის შესახებ. ეს ახალი ინიციატივები საქართველოში ინვესტიციების მოზიდვას, ეკონომიკის ამუშავებას და შედეგად საქართველოს მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად. რეალურად კი, როგორც ჩვენ გუშინ წარმოგიდგინეთ, "ქართულმა ოცნებამ" ეს პროგრამები თავისი წევრების და ლიდერების გამდიდრებისთვის გამოიყენა.

2014 წლის 26 აგვისტოს მთავრობის #1477 დადგენილებით, პროგრამა "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქალაქ გარდაბანში, კაპანახჩში მდებარე 350 000 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი - 81.15.20.316) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 (ერთი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს სს "საქართველოს სათბურის კორპორაციას" (ს/კ 404469865).

სს "საქართველოს სათბურის კორპორაცია" 2014 წლის 3 აპრილსაა რეგისტრირებული და დღეის მდგომარეობით, მისი 100%-იანი წილის მფლობელი შპს "ჯი სი ეფ პარტნიორებია". თავის მხრივ "ჯი სი ეფ პარტნიორის" მფლობელები 2013 წლის 25 მაისს დაფუძნდა და დღეს მის 50-50% ბიძინა ივანიშვილის დისშვილი უჩა მამაცაშვილი და თანაინვესტორების ფონდის გენერალური დირექტორი გიორგი ბაჩანაშვილია, ეს უკანასკნელი კომპანიის გენერალური დირექტორიცაა.

ფაქტობრივად, მოსახლეობის მოლოდინის საწინააღმდეგოდ, ბიძინა ივანიშვილმა არა თუ არ დააბანდა საქართველოს ეკონომიკაში საკუთარი თანხები, არამედ პროგრამა "აწარმოე საქართველოში" გამოყენებით, ერთ ლარად ჩაიგდო ხელში ორმილიონ-ნახევარის ღირებულების უძრავი ქონება", - თქვა ვაშაძემ.

კომენტარები