GDI: ჩნდება განცდა, რომ უგულავას მიმართ ხორციელდება პოლიტიკური მოტივით დევნა

გიგი უგულავა

არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" დღეს წარმოდგენილ ანგარიშში საუბარია თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას სისხლისსამართლებრივ საქმეებზე. აღსანიშნავია, რომ საქმეთა შესწავლის მიზანს წარმოადგენდა არა ბრალდებულ პირთა დამნაშავეობა/უდანაშაულობის დადგენა, არამედ სამართალწარმოების პროცესში გამოვლენილი დარღვევები და პრობლემების იდენტიფიცირება, რომლებიც აჩენს პოლიტიკური მოტივაციის არსებობის ეჭვს. ანგარიშში დეტალურადაა განხილული უგულავას მიმართ წარდგენილ ბრალდებათა დასაბუთებულობის პრობლემები, აღკვეთის ღონისძიების შეფარდება, მისი თანამდებობიდან გადაყენებისა და დაკავების საკითხები, უგულავას თანამდებობაზე აღდგენის საკითხის გაჭიანურება და მისი დაკავება.

არასამთავრობო ორგანიზაციის დასკვნით, "ჩნდება განცდა, რომ გიორგი უგულავას მიმართ ხორციელდება პოლიტიკური მოტივებით წარმოებული სისხლისსამართლებრივი დევნა. უგულავასთვის ბრალად წაყენებულ მთელ რიგ ეპიზოდში ეჭვქვეშ დგება ბრალად შერაცხული ქმედების სისხლისამართლებრივად დასჯადობის საკითხი. უშუალოდ აქტიური პოლიტიკური პროცესების დროს ადგილი აქვს მისი ამ პროცესებიდან ჩამოცილების მცდელობას, რაც საბოლოოდ 2014 წლის 3 ივლისს სრულდება მისი დაპატიმრებით. უგულავას საქმეში (ე.წ. მარნეულის ეპიზოდი) იკვეთება დისკრიმინაციული მიდგომის კონკრეტული შემთხვევა, როდესაც მას ბრალად უყენებენ ისეთი ქმედების ჩადენას, რაზეც სამართალდამცავი ორგანოები სხვა შემთხვევაში გამოძიებასაც კი არ იწყებენ. პოლიტიკური დევნის მოსაზრებას ამყარებს ის ფაქტიც, რომ უგულავას მიმართ დღემდე გრძელდება სასამართლო პროცესები საქალაქო სასამართლოში და მის მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეებზე არ დამდგარა არცერთი შემაჯამებელი გადაწყვეტილება".

არასამთავრობო ორგანიზაციის მოსაზრებით, განსაკუთრებით თვალშისაცემია თავისუფლების პრეზუმფციის დარღვევა. "პირველი ბრალდება გიორგი უგულავას 2013 წლის 22 თებერვალს წარედგინა. იგი ხუთ სისხლის სამართლის საქმეზე შვიდი "დანაშაულებრივი" ეპიზოდისთვის არის ბრალდებულის სახით სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული, თუმცა, დღემდე არც ერთ საქმეზე არ არსებობს სასამართლოს განაჩენი. საინტერესოა ის ფაქტი, რომ გიორგი უგულავას წინასწარი პატიმრობის ვადა 2015 წლის 2 აპრილს სრულდებოდა, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლომ 2015 წლის 14 მარტს საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალის დამძიმების გამო მიიღო განჩინება წინასწარი პატიმრობის ახალი ვადის შეფარდების თაობაზე, რამაც კიდევ ერთხელ გაამყარა ეჭვები მის მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების წარმოების შესახებ", - წერია განცხადებაში.

ორგანიზაციის კვლევის თანახმად, გიორგი უგულავას და მიხეილ სააკაშვილის მიმართ წარმოებულ საქმეებში გამოძიება ხშირად ეყრდნობა ირიბ ჩვენებებს, რომლებიც გამოყებულია ბრალის წარდგენის საფუძვლად. "საყურადღებოა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით - ერთი მხრივ, არაკონსტიტუციურად მიიჩნია მხოლოდ ირიბი ჩვენებების საფუძველზე პირისთვის ბრალდების წაყენება, ხოლო, მეორე მხრივ, განაჩენის გამოტანა ირიბ ჩვენებებზე დაყრდნობით.

ყოველგვარ სამართლებრივ ლოგიკას ცდება გიორგი უგულავას მიმართ ე.წ. "სიტი პარკის საქმეში" ბრალდების დადგენილებაში არსებული მითითება, რომ უგულავას მიერ გამოცემული ნორმატიული აქტი იყო კანონსაწინააღმდეგო და არ შეესაბამებოდა "საქართველოს საბიუჯეტო კოდექსს", მაშინ, როდესაც ხსენებული კოდექსი ბრძანების გამოცემის შემდეგ, 2009 წლის 28 დეკემბერსაა მიღებული. პროკურატურა, ფაქტობრივად, ბრალდების შესახებ დადგენილებით პირს ედავება იმ კანონის მოთხოვნათა დაუცველობას, რომელიც მისი ქმედებიდან 10 თვის შემდეგ მიიღეს", - ვკითხულობთ დოკუმენტში.

არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ" ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2012 წლის 3 ოქტომბრის №1900 რეზოლუციით განსაზღვრული "პოლიტიკური პატიმრის" დეფინიციის კრიტერიუმების საფუძველზე საქართველოს ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების, ასევე, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების წინააღმდეგ წარმოებული სისხლისსამართლებრივი საქმეები შეისწავლა.

ანგარიშის სრულად ნახვა მოცემულ ბმულზე შეგიძლიათ.

კომენტარები